დღეს, 28 მაისს, „ევრაზიული არჩევანისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტების“ წარმომადგენლებმა და მომხრეებმა რუსეთთან დიპოლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით დღეს აქცია გამართეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან.
როგორც კოალიცია „ევრაზიული არჩევანის“ ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ აქციაზე განაცხადა, დასავლეთთან ურთიერთობა არ არის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გარანტია:
„პირიქით, ჩვენ კიდევ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ ახალგორი, კოდორი. დასავლეთისგან მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთებაა და მეტი რეალურად არაფერი. გავიხსენოთ, მიცვალებულების გადმოსვენებაც კი ვერ შევძელით, სანამ საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი არ ჩაერთო ამ საქმეში და რუსეთთან მოლაპარაკების გზით არ მოახერხა მათი გადმოსვენება საქართველოში. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, რომ თავიდან ავიცილოთ კიდევ რაიმე სახის კონფრონტაცია და შემდგომ მშვიდობიანი გზით შევძლოთ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო“.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან მათ კონტრაქციის მონაწილეები დახვდნენ და კვერცები დაუშინეს:
„ვაპროტესტებთ იმას, რასაც ესენი აკეთებენ – რუსეთის დროშა ფრიალებს და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უნდათ. არავითარი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. მე პირადად ვყიდულობ მათ ბილეთს თილისი-მოსკოვის მიმართულებით, ოღონდ აქ აღარ დაბრუნდნენ“, – განაცხადა კონტრაქციის მონაწილე თამარ ქუთათელაძემ.
კოალიცია „ევრაზიული არჩევანის“ წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმართვა დატოვეს.




