ახალი ამბები

პრემიერი: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად დამატებითი უფლებამოსილება არ მჭირდება

27 მაისი, 2014 •
პრემიერი: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად დამატებითი უფლებამოსილება არ მჭირდება

“არავითარი კონტრასიგნაცია მე არ მჭირდება, არაფერი დამატებითი უფლება მე არ მჭირდება. კონსტიტუციაში რაც წერია, ჩვენ იმას ვაკეთებთ. არავითარი დამატებითი უფლებამოისლება არ მჭირდება. მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს უნდა მოეწეროს ხელი, რომლის უფლებამოსილებაც საქართველოს კანონმდებლობით გააჩნია ქვეყნის პრეზიდენტს, თუმცა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ხელმოწერა პრემიერ-მინისტრმა განახორციელოს.

 

 იმისათვის, რომ ამით არ წარმოიშვას სამართლებრივი პრობლემები და “საქართველოს პრემიერის ხელმოწერის უფლებამოსილება განხორციელდეს კითხვის ნიშნის გარეშე”, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ერთჯერადად გადასცემს უფლებამოსილებას, რომელსაც პრემიერი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის გამოიყენებს.

 

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გადასცეს ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს. ამ შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით იღებს, რომელსაც ჭირდება პრემიერის კონტრასიგნაცია. შესაბამისად, პრეზიდენტის ბრძანებულება დღეს გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას, რომელიც პრემიერს მისცემს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი