ახალი ამბები

ამომრჩეველთა ასეთი მასშტაბის სავარაუდო მოსყიდვა უპრეცედენტოა – NGO-ები

19 ნოემბერი, 2018 • 1545
ამომრჩეველთა ასეთი მასშტაბის სავარაუდო მოსყიდვა უპრეცედენტოა – NGO-ები

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, (საია) “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI), და “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის 19 ნოემბრის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 600 000 ამომრჩეველს ვალები ჩამოეწერება, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევაა. მათი შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოები ამით უნდა დაინტერესდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის თაობაზე ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და მიმართულია მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურში ამომრჩეველთა გულის მოგებისკენ.

როგორც განცხადების გამავრცელებელი ორგანიზაციები აცხადებენ, საქართველოს “სისხლის სამართლის კოდექსის” თანახმად, “საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.“

სამივე ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მსგავსი მასშტაბის ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი საქართველოსთვის უპრეცედენტოა. აღნიშნული ინიციატივა თავისი მასშტაბებით უდავოდ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე:

“მართალია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეა, “ქართუ ჯგუფის” სარეგისტრაციო დოკუმენტებში არ ფიგურირებს, საზოგადოებისთვის ეს ორგანიზაცია სწორედ მასთან და მის ოჯახთან ასოცირდება. გარდა ამისა, ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურის წინ “ქართუ ჯგუფის” მიერ მსგავსი მასშტაბისა და ოდენობის ფინანსური სესხის დაფარვაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება ბუნებრივად ასოცირებული იქნება ბიძინა ივანიშვილთან და მის მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ წარმოებულ კამპანიასთან” ,- ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს საია, TI და ISFED აწერს.

გარდა ამისა, ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა, თუ რა მოლაპარაკებები იყო საბანკო სექტორსა და სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტთან ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით.

არასამთავრობოების თქმით, 1.5 მილიარდი ლარის ვალდებულებების კომერციული ბანკებიდან 100 მილიონად შესყიდვის გარიგება, შესაძლოა, დამატებით ეჭვებს იწვევდეს, რომ საბანკო და საფინანსო ბიზნესის მონაწილეები სახელმწიფოს მხრიდან არაკეთილსინდისიერი გავლენის ქვეშ არიან.

“ფაქტია, რომ აღნიშნული შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნებოდა სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე და ჩნდება კითხვა, თუ რამდენად იქნებოდა ეს შესაძლებელი, ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდ “ქართუს” ნაცვლად სხვა პირი რომ ყოფილიყო. მიგვაჩნია, რომ მოცემული ინიციატივა კანონმდებლობის მასშტაბურ და უპრეცედენტო დარღვევას შეიძლება წარმოადგენდეს.

გარდა ამისა, ის ასევე ნაკარნახევია ვიწრო პარტიული და პოლიტიკური ინტერესებით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს არამარტო საარჩევნო გარემოზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩეველთა მძიმე სოციალური პირობების საარჩევნო მიზნით გამოყენება მიუღებელია და დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელიფუსლებას, თავი შეიკავოს პოპულისტური და ვიწროდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისგან და ამომრჩეველთა ფინანსური პრობლემებით მანიპულირების ნაცვლად მოქალაქეთა სიღარიბის დაძლევის ფუნდამენტური მიდგომა შეიმუშაოს. ყველა პოლიტიკურ პარტიას კი მოუწოდებენ, გაიაზრონ მათი როლი და პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ მსგავსი პოპულისტური განცხადებებისგან. საქართველოს პროკურატურას კი სთხოვენ, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი