ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური პროექტი, რომელიც სახელმწიფომ დანერგა, “თანამემამულეთა გლობალური ქსელია,” რომელიც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, კონსტანტინე სურგულაძის თქმით, ინფორმაციის მნიშვნელოვანი ქსელი იქნება.
მეორე პროექტი ონლაინ სკოლებია, რომელიც მინისტრის განმარტებით, სავარაუდოდ, უკვე სექტემბრიდან დაიწყებს სრული დატვირთვით მუშაობას.
“იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გვაქვს გახსნილი საკვირაო სკოლები [სულ 77], ქართული ენის შემსწავლელი კურსები, საჯარო სკოლები [16] და ა.შ. არსებობს მანძილის პრობლემა, რაც ხელს უშლის ხშირად დიასპორის წარმომადგენლებს. online სკოლა არის სრულიად ინოვაციური პროქტი, რომელიც საშუალებას მისცემს ყველას, მიიღონ განათლება. აქ საუბარი არ არის ყველა საგნის სწავლაზე, საუბარია ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, გეორგრაფიის, ეთნოგრაფიის სწავლებებზე,”- განაცხადა კონსტანტინე სურგულაძემ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
გარდა ამისა, ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ დიასპორის წარმომადგენლებს “დიასპორული მეწარმეობისა და ინვესტიციების შესახებ” ინფორმაცია წარუდგინა. როგორც ირკვევა, სახელმწიფო მზად იქნება დიასპორის წარმომადგენლებს მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით საინვესტიციო შეღავათები დაუწესოს. როგორც ნინა მატიაშვილმა, დიასპორის საკითხებში მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ და საინვესტიციო საკითხებში განაცხადა, სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაში ინვესტიციების მოზიდვა ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება.
“დაუყოვნებლივ დაიწყოს ინივესტიციების კუთხით შეღავათების დაწესების საკითხზე მუშაობა,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ასევე ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, დიასპორის საკითხებში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს საქართველოს და ამ მხრივ პარლამენტი, როგორც ის ამბობს, მზადაა ითანამშრომლოს მთავრობასთან.
უსუფაშვილის თქმით, უნდა შემუშავდეს სპეციალური პროექტები, რომელიც საშუალებას მისცემს დიასპორის წარმომადგენლებს, უკეთ წარმოაჩინონ საქართველო.
“ქართული დიასპორა უნდა განიხილებოდეს, როგორც სახელმწიფოს საზრუნავი, რომ თითოეული ქართველი, რომელიც ცხოვრობს უცხოეთში, გრძნობდეს სახელმწიფის მხარდაჭერას. დიასპორა ეს არის იარაღი, ბერკეტი ქვეყნის წინსვლის, თოთოეული მათგანი არის ჩვენი ქვეყნის ელჩი, რომელმაც რაც შეიძლება უკეთ უნდა წარმოაჩინოს ჩვენი ქვეყანა. ასე იქცევა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა. არა მხოლოდ ღვინის, ხაჭაპურისა და საცივის პოპულარიზაციას უნდა ეწეოდნენ ისინი. მათ ჩვენი ქვეყანა სათანადოდ უნდა წარმოაჩინონ. დიასპორის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ იძულებით გადაადგინლებული პირები ქვეყნიდან. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





