ახალი ამბები

რამდენად ადეკვატურია სასჯელი, რომელიც მარიხუანას მომხმარებლებს ემუქრებათ

26 მაისი, 2014 •
რამდენად ადეკვატურია სასჯელი, რომელიც მარიხუანას მომხმარებლებს ემუქრებათ

27 წლის ბექა წიქარიშვილი 2013 წლის ივნისში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს:

“ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დამაკავა პოლიციამ, როგორც თქვეს, ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ, აღმომიჩინეს მარიხუანა, ნაწილი შემდეგ ამოიღეს ჩემი სახლიდან. სამი დღე ვიყავი წინასწარი პატიმრობის საკანში. შემდეგ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შემიფარდა, სანამ გირაოს უზრუნველყოფას მოვახდენდით, 18 დღე მომიწია გლდანის ციხეში ყოფნა, მერე სახლი ჩავდეთ გირაოს უზრუნველსაყოფად და გამომიშვეს”, – ყვება ბექა წიქარიშვილი.

მისივე თქმით, თავდაპირველად საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზეს, თუმცა დღეს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზეც უარს აცხადებს:

“მაშინ, როდესაც მე ამიყვანეს, პრაქტიკა იყო ასეთი, რომ ამ მუხლებზე საპროცესო შეთახნმება ფორმდებოდა. დაჭერით არ იჭერდნენ ადამიანებს და, როგორც წესი, ჯარიმის გადახდის შემდეგ საპროცესო შეთანხმებით გამოდიოდნენ. შემოგვთავაზეს 6 თვე რეალური სასჯელი და ნაწილი პირობითი, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით, რადგან გვეგონა, რომ მხოლოდ პირობითი სასჯელი გამოვიდოდა. თუმცა 1 თვეში გვითხრეს, რომ 6 თვეც აღარ გამოდის და მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, არის 2 წელი რეალური სასჯელიო. რა თქმა უნდა, ამაზეც უარი ვთქვით, ბოლო 2–3 თვეა უკვე პროკურატურა საერთოდ უარს ამბობს საპროცესო შეთანხმებაზე”, – ამბობს ბექა წიქარიშვილი.

მისივე თქმით, პროკურატურაში განუცხადეს, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში გამკაცრდა და საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის მიზეზიც სწორედ ეს არის:

“პროკურატურიდან იყო ოფიციალურად ასეთი ნათქვამი, რომ ამჟამად სახელმწიფო პოლიტიკა არის მკაცრი და რაზეც მანამდე ფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება, ახლა აღარ ფორმდება. მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წამოიწყო კამპანია “არა ბიონარკოტიკს”. ფაქტია, რომ ასე გამოვიდა. მანამდე თუ 6 თვეს მთავაზობდნენ, ახლა საერთოდ უარი მითხრეს”, – აცხადებს ბექა წიქარიშვილი.

ამჟამად საქმე “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” დახმარებით (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოშია.

 

როგორც EMC–ს წარმომადგენელი სოფო ვერძეული ამბობს, საქმე მხოლოდ ბექა წიქარიშვილს არ ეხება, რადგან ამჟამად არსებული კანონი ნარკოდანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ დისკრიმინაციულია და სხვადასხვა შემთხვევების მიმართ განსხვავებულ მიდგომას არ ითვალისწინებს:

“ჩვენ რამდენიმე მუხლთან მიმართებით დავაყენეთ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე მოთხოვნა, მათ შორისაა დისკრიმინაციის აკრძალვა, არაპროპორციული, არაჰუმანური სასჯელისგან დაცვის უფლება და პიროვნული განვითარების თავისუფლების მუხლი, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია.

 

სასჯელი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს, ერთნაირად მიემართება ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან თავისთავად ერთგვაროვან პირობებში. კანონმდებლობა არ მიჯნავს მომხმარებელს და გამსაღებელს ერთმანეთისგან და მათ მიმართ ერთგვაროვან სასჯელს აწესებს, რაც, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციული მიდგომაა. მნიშვნელოვანია ის, რომ მარიხუანა იქნება თუ სხვა გაცილებით საშიში ნარკოტიკული საშუალება, ყველაფერს კანონმდებელი უდგება ერთნაირად და სასჯელს ითვალისწინებს ასევე ერთნაირი ოდენობით.

 

თვითონ რაოდენობა ნარკოტიკული საშუალებების სპეციალური კანონით არის განსაზღვრული და არის იმგვარად ჩამოყალიბებული, რომ 1 გრამიც შეიძლება იყოს გადამწყვეტი იმისთვის, რომ სანქცია გახდეს სრულიად არაპროპორციული”, – აცხადებს სოფო ვერძეული.

იმის გამო, რომ  ბექა წიქარიშვილისთვის აღმოჩენილი მარიხუანას რაოდენობა 50 გრამს აღემატებოდა, მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვაში ედება. სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ ბექას მსგავსად სხვა ადამიანების მიმართ ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული სასჯელი, 7–დან 14 წლამდე პატიმრობა, არაადეკვატურია და ეწინააღმდეგება არაჰუმანური სასჯელის აკრძალვის პირობას, რომელიც კონსტიტუციითაა დაცული.

სოფო ვერძეული ასევე საუბრობს სახელმწიფოს მხრიდან ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე:

 

“არის საუბარი იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკა 2013 წლის ზაფხულის მერე არის გამკაცრებული. მიზნები და მოტივები სხვადასხვა შეიძლება იყოს, თუმცა გაცხადებულად ასე ვიცით, რომ პოლიტიკა ისევ გამკაცრდა რამდენიმე თვის წინ. შეიძლება ამას უკავშირდებოდეს ის, რომ საპროცესო აღარ იდება”, – აცხადებს ვერძეული. ის მიიჩნევს, რომ ბექა წიქარიშვილის ამჟამინდელი სამუშაო სტატუსი, წარსული გამოცდილება და მისი თანამშრომლობა გამოძიებასთან უნდა იყოს იმის წინაპირობა, რომ მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.

ბექა წიქარიშვილი EMC–ს მულტიმედია მენეჯერია, ის სწავლობდა რადიო თავისუფლების მედიასკოლაში. არის მოყვარული ფოტოგრაფი. ის ასევე ილიას უნივერსიტეტში ელექტროაკუსტიკური მუსიკის ცენტრის წევრია. მუშაობს მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებზე. მათ შორის ამჟამად აკეთებს დოკუმენტურ ფილმს სოციალურად დაუცველ პირებთან დაკავშირებით. როგორც თავად ამბობს, გლდანის ციხეში ყოფნისას არაერთი ადამიანი ნახა, რომლებიც ციხეში მოხვედრამდე მასსავით აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ და მიაჩნია, რომ მათ საზოგადოებისგან იზოლაცია არ დაუმსახურებიათ.

ბექა წიქარიშვილის მხარდასაჭერად facebook–ზე შექმნილია გვერდი “ბექა კრიმინალი არ არის”, გვერდი 2014 წლის 23 მაისს შეიქმნა და 26 მაისისთვის 2500–მდე მეტი მოწონება აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი