ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დახოცილი ზებრა და ლომები – ერევანში ზოოპარკის დირექტორის გადადგომას მოითხოვენ

18 ნოემბერი, 2018 • 2845
დახოცილი ზებრა და ლომები – ერევანში ზოოპარკის დირექტორის გადადგომას მოითხოვენ

“რუბენ, წადი”, “არა ცხოველების გადანადგურებას”- ერევნის ზოოპარკის თანამშრომლებმა დირექტორის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. კოლეგები რუბენ ხაჩატრიანს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ და ერევნის მერიისგან შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვენ.

ზოოპარკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ დირექტორის თვითნებურ გადაწყვეტილებები ცხოველების სიკვდილს იწვევს.

მანუკ მანუკიანი ზოოპარკის თანამშრომელი კავკაზსკი უზელთან საუბარში ამბობს, რომ დირექტორი ცხოვლების მოვლის შესახებ ზოოლოგების რჩევებს არ ითვალისწინებს.

“დირექტორისთვის ზოოპარკი შემოსავლის წყაროა. მისი პრიორიტეტი არ არის ცხოველები. ზოოპარკის სამი ლომი დააძინეს, თუმცა, რაიმე ანალიზი ცხოველებისთვის არ ჩაუტარებით. სულ ცოტა ხნის წინ კი ზებრა მოიწამლა და დაიღუპა. მსგავსი ფაქტები მისი არაკომპეტენტურობის გამო ხდება”.

ზოოპარკში ზებრის დაღუპვის ფაქტზე ერევნის მერიამ ინფორმაცია 13 ნოემბერს გაავრცელა –  ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ცხოველის შარდში და სისხლში დიდი რაოდენობით დარიშხანი იყო.

ზოოპარკის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, დავით გალსტიანის თქმით კი, სარემონტო სამუშაოების დროს ირემი დაიღუპა, რომელიც უსაფრთხო ზონაში არ გადაიყვანეს.

ზოოპარკის დირექტორის პრეს-მდივანი რუბენ აბრამიანი დირექტორის მიმართ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მტკიცებულებების შემთხვევაში, თანამშრომლებს შეუძლიათ სამართალდამცველ ორგანოებში იჩივლონ.

ერევნის მერიის ცნობით, რამდენიმე დღეში ერევნის ზოოპარკში მასშტაბური შემოწმება დაიწყება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი