ახალი ამბები

ძმის შემდეგ, მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძეც მსოფლიო ჩემპიონი გახდა

18 ნოემბერი, 2018 • 2926
ძმის შემდეგ, მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძეც მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ავთანდილ კენჭაძე(74კგ.) მსოფლიო ჩემპიონია.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს, ბუქარესტში, საქართველოს ნაკრების წევრმა რუმინელი მეტოქე, ვასილიოღლუ, ანგარიშით 8:0 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ჭიდაობის ფედერაციის ცნობით, კენჭაძემ საფინალო გზაზე ინდოელი მალიკი 10-0, სლოვაკეთის წარმომადგენელი გულაევი 3-0 და თურქი აკდენიზი 10-0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ტიმურ ბიზოევს 4-2 მოუგო.

ერთი დღით ადრე, ამავე სტილით ჭიდაობაში, 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა ავთანდილ კენჭაძის ძმაც – ნიკოლოზ კენჭაძე(79კგ). მან რუსეთის ნაკრების წევრი გაჯი ნაბიევი 3-0 დაამარცხა. ამავე დღეს, ასევე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გივი მაჭარაშვილმა(97კგ).

მანამდე, 13 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ(55კგ) მოიპოვა; 13 ნოემბერსვე, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი გახდა ამავე სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე(130კგ), მომდევნო დღეს კი ოქროს მედალი გელა ბოლქვაძემ მიიღო(82კგ).

მასალების გადაბეჭდვის წესი