ახალი ამბები

მერაბიშვილის თქმით, აღლუმის ჩაშლა 2011 წელს მტერმა ვერ მოახერხა და დღეს ამას მთავრობა აკეთებს

26 მაისი, 2014 •
მერაბიშვილის თქმით, აღლუმის ჩაშლა 2011 წელს მტერმა ვერ მოახერხა და დღეს ამას მთავრობა აკეთებს

“აღლუმი და საკუთარი პროფესიული დღის აღნიშვნა არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიციელების განწყობისთვის, რომელთა დასუსტებამ და დემორალიზებამ უკანასკნელ პერიოდში გამოიწვია დანაშაულის მკვეთრი მატება და ამას ნათლად ხედავს თითოეული ჩვენი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ სტატისტიკას „დახატავს“ მთავრობა. სამწუხაროა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ამ ტრადიციაზეც უარი თქვა”, – წერს მერაბიშვილი.

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

 

მისი თქმით, 26 მაისი არის  დღესასწაული, როდესაც, პირველ რიგში, “ვიხსენებთ იმ დაღუპულ გმირებს, რომლებმაც ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გაწირეს თავი”. ყოფილი პრემიერის განცხადებით, სწორედ ამ გმირებისთვის პატივის მიგებას და მათ გახსენებას ემსახურებოდა სამხედრო აღლუმი, რომელიც ტრადიციულად ტარდებოდა დამოუკიდებლობის დღეს.

 

“გარდა ამისა, სამხედრო აღლუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯარის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებისთვის. ძალიან სამწუხარია, რომ ის, რაც ჩვენი ქვეყნის უმთავრესმა მტერმა ვერ მოახერხა ძალადობით 2011 წელს, ხორციელდება დღეს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიერ და ეს მნიშვნელოვანი ტრადიცია შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ეწირება”, – წერს მერაბიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციის მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალეს, როდესაც ქვეყნის შს მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი. მერაბიშვილს ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამნისტიის გათვალისიწნებით, 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

 

ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე ბრალი 2013 წლის 28 მაისს წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი