ახალი ამბები

კვირიკაშვილი: რუსეთის ბაზარზე არსებულ რისკებზე მეწარმეებს დღესაც ვაფრთხილებთ

26 მაისი, 2014 •
კვირიკაშვილი: რუსეთის ბაზარზე არსებულ რისკებზე მეწარმეებს დღესაც ვაფრთხილებთ

“მინდა მივესალმო, რომ რუსეთის ბაზარზე შევიდა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას გააიოლებს. თუმცა, რა თქმა უნდა, არის რისკები. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ტიპის განცხადებები კეთდება. მაგრამ ვნახოთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანმიმდევრული ევროინტეგრაციის პოლიტიკით და ამავე დროს ნორმალური კონსტრუქციული განწყობით, რომ განვითარდეს ვაჭრობა და ტურიზმი რუსეთთან, მივაღწევთ იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა პრობლემაც დარეგულირდება. რისკებთან დაკავშირებით ჩვენ ვაფრთხილებდით და დღესაც ვაფრთხილებთ ქართველ მეწარმეებს, რომ რუსეთის ბაზარი დივერსიფიკაციის საშუალებად გამოიყენონ და ეს მათთვის ერთადერთი ბაზარი არ იყოს” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

რუსეთის ბაზარზე  ქართული ბოსტნეულის და ხილის შეტანა 26 მაისიდან აღდგება.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურმა 22 მაისს (“როსსელხოზნადზორმა”) გაავრცელა.


“როსსელხოზნადზორის” ცნობით, რუსეთის ბაზარზე 26 მაისიდან აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, ბლისა და ალუბლის, გარგარის, ატმის, ქლიავის, ხურმის, კივისა და კენკრის მიწოდება.

 

(“როსსელხოზნადზორის”)  ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე აღდგება ასევე ახალი ქართული კარტოფილის შეტანა იმ პირობით, თუ პროდუქცია გარეცხილი (არ ექნება ნიადაგის შემცველობა)  და სამომხმარებლო შეფუთვაში იქნება მოთავსებული.

 

რუსეთმა ქართულ ღვინოზე და მინერალურ წყალზე  ემბარგო 2012 წლის 21 დეკემბერს მოხსნა. ქართული ღვინისა და კონიაკის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის 12 ივნისს დაიწყო. 


მასალების გადაბეჭდვის წესი