ახალი ამბები

ფეხბურთი ყველასთვის: პრემიერლიგა და სხვები ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად

18 ნოემბერი, 2018 • 1831
ფეხბურთი ყველასთვის: პრემიერლიგა და სხვები ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად

გაერთიანებული სამეფოს საფეხბურთო ლიგები სპორტში ლგბტ ადამიანების ჩართულობის იდეის მხარდასაჭერად კიდევ ერთხელ ერთიანდებიან. ათეულობით საფეხბურთო მატჩზე ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში ლგბტ სიმბოლიკა ფართოდ იქნება წარმოდგენილი.

“ფეხბურთი ყველასთვისაა” – ასეთია კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელსაც რამდენიმე საფეხბურთო ლიგა ლგბტ ორგანიზაცია “სტოუნვოლთან” ერთად წლებია, ახორციელებს. აღნიშნულ იდეას გასული პერიოდის მსგავსად, წელსაც დაუჭერს მხარს პრემიერლიგა, ისევე როგორ ინგლისის საფეხბურთო ლიგა და შოტლანდიის ლიგა,  ათეულობით საფეხბურთო კლუბთან ერთად.

ფოტო: Premier League

პრემიერლიგის 20 კლუბი, მათ შორის “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი” და “ტოტენჰემი” ლგბტ თემის მხარდამჭერ კამპანიას 30 ნოემბრიდან დაიწყებს და 5 დეკემბრამდე განაგრძობს. მატჩების წინ კაპიტნებსა და ფეხბურთელებს ლგბტ ფერების სამკლაურები დაურიგდებათ – სწორედ ისეთი, როგორითაც საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და მაშინ ჯერ კიდევ “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია გაუძღვა ერედივიზიონის მატჩს. ამავე ფერებში იქნება გადაწყვეტილი კუთხურის დროშები და დროის მაჩვენებელი დაფები.

ამასთან, სტადიონებზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე პერიოდულად გამოჩნდება ლიგის ლგბტ ფერებში გადაწყვეტილი ლოგო და კამპანიის მთავარი მესიჯებიც.

” “სტოუნვოლი” ჩვენი შესანიშნავი პარტნიორია და ვაფასებთ მათ შრომას ლიგისა და ჩვენი კლუბების მხარდასაჭერად, სპორტში მრავალფეროვნების ხელშეწყობისათვის”, – აღნიშნა ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ ბუშმა.

კამპანიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ასეთივე გზავნილები გააჟღერა ინგლისის საფეხბურთო ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა შონ ჰარვიმაც. ლიგა პროცესში 24 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ჩაერთვება.

“ლიგის 72-ვე კლუბი ერთიანდება, რათა ცნობიერება აამაღლოს ამ მნიშვნელოვან საკითხზე… იმედი გვაქვს, ლგბტ ფერებში გადაწყვეტილი დაფები და დროშები შეცვლილი ფერებით, ფანების ყურადღებას მიიქცევს მთელი ქვეყნის გარშემო”, – აღნიშნა მან.

ფოტო: EFL

საფეხბურთო ლიგამ სპეციალურად ამ პერიოდისათვის მოკლემეტრაჟიანი ფილმები მოამზადა, რომლებიც კლუბებში ლგბტ ადამიანების მხარდაჭერასა და ჰომოდობიისა თუ ტრანსფობიის აღმოფხვრას ეხება როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.

ამავე პერიოდში შეუერთდება კამპანიას შოტლანდიის ლიგაც. ის გულშემატკივრებს მოუწოდებს, თავადაც გაიკეთონ თასმები ლგბტ ფერებში, მოაწესრიგონ მატჩისას შეძახილების საკითხი და შესაბამის უწყებას შეატყობინონ ნებისმიერი შევიწროების შესახებ მათი ამ ქმედებების გამო.

ფოტო: SPFL

The Guardian-ის ცნობით, ორგანიზაცია “სტოუნვოლის” კამპანიას თანასწორობის მხარდასაჭერად წელს სპორტის სხვა სახეობების, მათ შორის, ძიუდოს, კრიკეტისა და რაგბის სპორტსმენებიც შეუერთდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი