პოროშენკომ ხმების 54.38% მიიღო, იულია ტიმოშენკომ – 13.21%, ოლეგ ლიაშკომ – 8.49%, ანატოლი გრიცენკომ – 5.47%, სერგეი ტიგიპკომ – 5,09%, მიხაილ დობკინმა – 3,36%, ვადიმ რაბინოვიჩმა – 2.21%. ყველა სხვა კანდიდატმა ამომრჩევლეთა ხმების 2%-ზე ნაკლები დააგროვა.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 25 მაისს გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნები ევრომაიდანზე მიმდინარე აქციების შედეგად განვითარებული მოვლენების შედეგად დაინიშნა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნიდან გაიქცა, მანამდე კი მისი იმპიჩმენტი შედგა.
ამის შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძულმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შემდეგში რუსეთს მიუერთდა. უკრაინიდან გამოყოფას ითხოვენ დონეცკსა და ლუგანსკშიც, სადაც უკრაინის მთავრობა ანტიტერორისტულ ოპერაციებს მართავს.
უკრაინის ახალი პრეზიდენტი 48 წლისაა და მისი ქონება “ფორბსის” მიხედვით 1.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. იგი არის უკრაინული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Roshen-ის მფლობელი.