რუსთავის მერი “აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას” — მერია

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა “ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას”, — განუცხადეს ნეტგაზეთს რუსთავის მერიის პრესსამსახურში.

ნეტგაზეთის კითხვაზე, აპირებს თუ არა ტაბაღუა გადადგომას, პრესსამსახურში გვიპასუხეს: “ყოველ შემთხვევაში, ამ წუთისთვის აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას” და “სამომავლო გეგმები რაც ჰქონდა, ისევ ის აქვს”.

ტაბაღუას შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია 16 ნოემბერს “პირველმა რადიომ” გაავრცელა.

“პირველი რადიოს” ცნობით, მიმდინარეობს ვიცემერის თანამდებობაზე პაატა კილაძის წარდგენა, რის შემდეგაც ირაკლი ტაბაღუა სავარაუდოდ მერის თანამდებობას დატოვებს და მერის მოვალეობის შესრულებას კილაძე შეუდგება.

რუსთავის ვიცემერმა დავით კეკელიძემ, რომელსაც პოსტი 2017 წლიდან ეკავა, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 13 ნოემბერს დატოვა.

თუმცა მერიაში გვითხრეს, რომ მისი შემცვლელი ჯერჯერობით არ დანიშნულა: “ოფიციალურად არავინ არ არის დანიშნული და არც წარდგენა არ ყოფილა”.

გარეკანის ფოტოზე: რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა (ფოტო აღებულია მისი ფეისბუკის გვერდიდან)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com