ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ ფოთში პროექტ “ოჯახში ძალადობის სამართლებრივი მექანიზმების” ფარგლებში კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ.
“ამავე პროექტის ფარგლებში გაიმართა “ღია დისკუსია ოჯახში ძალადობაზე”, რომელსაც დაესწრნენ შს სამინისტროს, პროკურატურის, სოციალურო სამსახურების და სასამართლოს წარმომადგენლები. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” თანამშრომლობით ხორციელდება. სამართალდამცველთა ტრეინინგები პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე, კოორდინაციის დახვეწის მიზნით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩატარდება დისკუსიები,”- აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, პოლიციის მხრიდან ოჯახში ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების შესახებ ხშირად საუბრობენ ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ის ადამიანები, რომლებიც თავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევენ.
ორგანიზაცია “ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში” განმარტავენ, რომ ასეთი პრაქტიკით [არასათანადო რეაგირებით] სამართლადამცავები დარტყმის ქვეშ აყენებენ არა მხოლოდ მსხვერპლს, არამედ ოჯახში ძალადობის შესახებ 2006 წელს მიღებული კანონის იმპლემენტაციის საკითხს.
პოლიციის მიერ 2013 წელს გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია: შსს-ს ინფორმაციით, 2012 წელს 307 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, 2013 წელს კი – 204. შსს-ს მონაცემებითვე, 2013 წლის განმავლობაში ოჯახში კონფლიქტის 1578 ფაქტი დაფიქსირდა, დაახლოებით 7-ჯერ მეტი, ვიდრე შემაკავებელი ორდერი გაიცა ამავე წელს.





