ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

პატრიარქისთვის დაცვის გამოყოფას სომხეთში მხარი არ დაუჭირეს

16 ნოემბერი, 2018 • 2819
პატრიარქისთვის დაცვის გამოყოფას სომხეთში მხარი არ დაუჭირეს

სომხეთის ეროვნულმა კრებამ დღეს, 16 ნოემბერს, “შეკრების თავისუფლების შესახებ” და კათოლიკოს პატრიარქის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით “განსაკუთრებულ სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ” კანონებში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტების ავტორები ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრი დეპუტატები არიან. ინიციატივების შესაბამისად – აქციები  სომხეთის აპოსტოლური ეკლესიის ტერიტორიიდან გარკვეულ მანძილზე უნდა გაიმართოს, ხელისუფლება კი ვალდებულია სომხეთის კათოლიკოსს განსაკუთრებული სახელმწიფო დაცვა გამოუყოს.

არსებული კანონმდებლობით, კათოლიკოსისთვის დაცვის გამოყოფის საკითხი პრემიერ-მინისტრმა შეიძლება გადაწყვიტოს.

კანონპროექტების მოწინააღმდეგეთა არგუმენტებიც ის იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში კათოლიკოსს შეუძლია პრემიერ-მინისტრს მიმართოს და ის დაავალებს შესაბამის ორგანოებს აუციელებელი ზომების მიღებას.

კანონპროექტის განხილვამ სომხეთის პარლამენტში დებატები გამოიწვია.

პროსახელისუფლებო დეპუტატის, სასუნ მიქაელიანის განცხადებით, “თუკი დღეს კათოლიკოსს არ შეუძლია ხალხში გასვლა, ეს უკვე მისი პრობლემაა”.

აღნიშნულ კანონპროექტს მხოლოდ 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა და პარლამენტის ვიცესპიკერმა, ედუარდ შარმაზანოვმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა და კენჭისყრას “დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო” უწოდა. სხდომათა დარბაზიდან გასულ შარმაზანოვს სხვა რამდენიმე დეპუტატიც გაჰყვა.

2018 წლის ზაფხულში ერევანში გარეგინ მეორის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქცია მოაწყო ჯგუფმა, სახელწოდებით “ახალი სომხეთი, ახალი პატრიარქი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი