ლოკაციის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, როგორც “იდენტობაში” განუმარტეს ნეტგაზეთს, “აქციის ადგილი შეიცვალა, რადგან პოტენციურ მონაწილეთა ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ უპირველესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. იდენტობა, მართალია, არ ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას, რადგან თვლის, რომ დამნაშავე ძალადობრივი იდეოლოგიაა, რომელიც საპატრიარქოს მხრიდან არის თავსმოხვეული, მაგრამ გამოიჩინა სოლიდარობა და დათანხმდა ადგილის შეცვლას.”
“ბოლო სამი თვის განმავლობაში ძალადობრივმა კულტურამ 13 ქალის სიცოცხლე შეიწირა.
ქალებს სჭირდებათ თანადგომა!
დამნაშავეა სახელმწიფო, რომელიც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერაფერს ან არაფერს აკეთებს ქალთა მიმართ ძალადობის წინასწარ აღმოსაფხვრელად: სკოლებში სათანადოდ არ ისწავლება მიმღებლობა და კანონმორჩილება; ჩვენი დაკვირვებით, ოჯახური ძალადობის შემთხვევების დროს გამოძახებულ პოლიციას ეზარება ან არ სურს ადეკვატურად იმოქმედოს, როდესაც ქალთა უფლებების დაცვა ხდება საჭირო; ქვეყანაში მხოლოდ ორიოდე თავშესაფარი არსებობს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის, და ა.შ. ზოგადად, თითქმის არ ჩანს, აქვს თუ არა შემუშავებული ძალადობისგან ქალთა დაცვის პოლიტიკა სახელმწიფოს.
მაშინ, როდესაც საქართველოს საპატრიარქოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ბრმად ენდობა, ეს დაწესებულება მორალურად არის ვალდებული ხელი შეუწყოს ოჯახებში ქალების სრულუფლებიან წევრებად წარმოჩენას და შედეგად, მათ უსაფრთხო არსებობას. ეკლესია უნდა აცნობიერებდეს, რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს საპატრიარქოს მაღალი რანგის სასულიერო პირების საჯარო განცხადებები, რომლებიც ქალებს მამაკაცზე დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნის, ხოლო კაცებს მათზე ბატონობისკენ მოუწოდებენ.
სოციუმს ქმნიან ადამიანები, დამნაშავესაც და მსხვერპლსაც!
ერთად ვუთხრათ ძალადობას არა!” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით.