ახალი ამბები

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს

23 მაისი, 2014 •
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. 


როგორც თადუმაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების შესაბამისად იყო მიღებული: ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან აწარმოებდა მთავრობა და სწორედ მთავრობა იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების შესრულებაზე. 


მან კონსტიტუციის 73-ე მუხლი განმარტა, სადაც წერია, რომ პრეზიდენტს ხელმოწერაზე სჭირდება მთავრობის თანხმობა. 


“მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის ჩანაწერით, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი, ყველა სახის საერთაშორისო მოქმედებები, დაწყებული საერთაშორისო მოლაპარაკებებით და დამთავრებული ხელმოწერის პროცედურამდე, ხორციელდება მთავრობასთან შეთანხმებით. ხელმოწერა შემდეგ აუცილებლად საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ხელშეკრულების პროცედურებზე პრეზიდენტს არ ჰქონია მიღებული გადაწყვეტილება მოლაპარაკების წარმოების თაობაზე და არც მთავრობას ჰქონია არასოდეს მიცემული უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინა ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროკავშირთან მოლაპარაკების განხორციელება, მთავრობა სამართლებრივად და პრაქტიკულად შეუძლებლად წარმოიდგენს იმას, რომ მისცეს თანხმობა პრეზიდენტს განახორციელოს აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მთავრობის შესასრულებელია,”- განაცხადა თადუმაძემ. 


გარდა ამისა, მისი განამრტებით, სამართლებრივად, პრეზიდენტის ხელმოწერას არ ექნება ძალა იქამდე, სანამ მას პრემიერი არ მოაწერს ხელს და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამ პროცედურების განმარტება “ცოტა გაუგებარი იქნება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი