ახალი ამბები

ჟვანიას კლინიკაში ბავშვის გარდაცვალების საქმეს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს

22 მაისი, 2014 •
ჟვანიას კლინიკაში ბავშვის გარდაცვალების საქმეს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს

მოქალაქის წერილი (სსიპ) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში 2014 წლის 1 მაისს შემოვიდა.


“ხატია თედიაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა სსიპ ,,თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში“ შვილის, ნიკოლოზ კეთილაძის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებით. სააგენტოს უფროსის 2014 წლის 16 მაისის N02-271/მ ბრძანების შესაბამისად, მივლინებულ იქნა ზემოაღნიშნულ კლინიკაში სააგენტოს კომისია. საკითხის შესწავლის დასრულებისთანავე მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაცია გადაიგზავნება სარეცენზიოდ შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტებთან. ადგილზე შესწავლისა და ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე გადაწყდება სამედიცინო პერსონალის, მ.შ. ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. შესწავლის შედეგებს განიხილავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ავრცელებს. 


ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ნიკოლოზ კეთილაძის მოთავსების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” გარდაცვლილი ბავშვის მამა გიორგი კეთილაძე წერს:


“მე, გიორგი კეთილაძე, პატარა ნიკოლოზის მამა მოგმართავთ ყველა მშობელს !!! თუ თქვენი პატარის ბედი გაღელვებთ, მოერიდეთ თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, რეანიმაციის განყოფილებაში ბავშვების მოთავსებას, სადაც პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მძიმდება და შესაძლოა, ყველაფერი ფატალურადაც დამთავრდეს. ამ განყოფილებაში პერსონალის დიდ ნაწილს საერთოდ არ ანაღვლებს თქვენი პატარების ბედი. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ,,ექიმი” და დღის ექთანი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სადაზღვეო კომპანიებიდან ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელოვნურად მძიმდება: არასაჭიროებისამებრ აერთებენ მართვითი სუნთქვის აპარატზე, რითაც აუარესებენ ბავშვების მდგომარეობას” 


“ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ წერილში გიორგი კეთილაძე ” თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში” მედპერსონალის გულგრილობაზე და არაპროფესიონალიზმზე საუბრობს: 

“ჩემი პატარა ნიკუშა კლინიკაში მიყვანისთანავე მოათავსეს კრიტიკულ განყოფილებაში (რეანიმაციაში). დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ანთება. მკურნალ ექიმს ავუხსენი, რომ ბავშვი იყო ძალიან მგრძნობიარე, ვერ სძლებდა უდედოდ და ვთხოვე, მიეცათ დედისთვის მისი ხშირი ნახვის საშუალება. ექიმი დაგვპირდა, რომ დედას მისცემდა საშუალებას, ხშირად მოენახულებინა ნიკუშა. დაპირება დაპირებად დარჩა: 24 საათის განმავლობაში უფლება გვქონდა მხოლოდ 2 – 3 წუთით გვენახა ბავშვი. ამის გარდა, შვილის მდგომარეობის გასაგებად შეგვეძლო კიდევ მხოლოდ ერთხელ ამ 24 საათში დავლაპარაკებოდით ექიმს. როდესაც ვთხოვეთ, ტელეფონის ნომერი მაინც მოეცა, რათა პერიოდულად ნიკუშას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგვეგო – მან გვითხრა, რომ არ ჰქონდა ამის უფლება ( !!! ) იმ დროსაც, როდესაც შეგვეძლო ექიმს გავსაუბრებოდით – იგი ძალიან ზოგადი ფრაზებით: ბავშვი სტაბილურადაა, – ცდილობდა თავიდან მოვეცილებინეთ. ასე ხდებოდა ყველა სხვა პაციენტების მშობლებთანაც …”


“საღამოს ექიმი გამოდის ჩვენთან სალაპარაკოდ და გვიხსნის, რომ ბავშვი აპარატზე უნდა შეაერთონ. დედის შეკამათების შემდეგ გვითხრა, რომ სხვანაირად ვერ უმკურნალებდა (აპარატზე შეერთების შემთხვევაში ბავშვებს ფსიქოტროპული წამლებით თიშავენ და აღარ წუხდებიან ბავშვის ტირილით). მესამე დღეს ბავშვს კისერზე ნაწოლი გაუჩნდა. როცა ექიმს ვკითხე მიზეზი, თან დავამატე, რომ ნაწოლების გაჩენის თავიდან არიდება შეიძლება უბრალოდ ავადმყოფის გვერდის შენაცვლებით, ან პერიოდულად უბრალო ხელით მასაჟით, რათა სისხლი ამოძრავდეს, გვიპასუხა, რომ ამდენი დრო სად აქვთ… თუ დრო არ აქვთ კლინიკაში იმისთვის, რომ პაციენტს სათანადო ყურადღება მიაქციონ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი: ან გაზარდონ პერსონალი, ან დაუშვან პატარა ავადმყოფებთან დედა და ის არც მასაჟს მოაკლებს და არც დაამადლის ამას, ან იმდენ პაციენტს მოემსახურონ, რამდენსაც სათანადოდ მიხედავენ და არ დახარბდნენ შემოსავალს… მეოთხე დღეს ბავშვის მონახულებისას ვნახეთ, რომ ბავშვი იყო საშინლად დასიებული და ტანზე სისხლჩაქცევები ჰქონდა. როცა მიზეზი მორიგე ექიმს ვკითხეთ, პასუხმა შოკში ჩაგვაგდო: მე ასე გადმომაბარეს და მე რა ვიციო (ექიმი ავადმყოფს იბარებს ისე, რომ არ ინტერესდება მისი მდგომარეობით). 


შემდეგ, როცა მკურნალ ექიმს დაველაპარაკეთ, მან ,, დაგვამშვიდა ” : ბავშვი სტაბილურადაა, ეს გასიება და სისხლჩაქცევები მეოთხეხარისხოვანია და ყურადღებას ნუ მიაქცევთო. ( შემდეგ გავიგეთ, რომ ასეთი დასიება უკვე სეფსისის მიმდინარეობის ნიშანია ). მეხუთე დღეს ბავშვი რომ ვნახე, ისევ დასიებული იყო. სისხლჩაქცევები არ მანახეს: როცა მოვინდომე ზეწრის გადახდა და ნახვა, ექიმმა  ამიკრძალა: ნუ ეხები, რამე ვირუსი არ გადასდოო. ნიკუშას ტუჩები დახეთქილი ჰქონდა და დასისხლიანებული, ენა გამომშრალი. ექთან ლამარა მინაძეს მორიდებით ვთხოვე, იქნებ წყლით ან რამით დაუსველოთ, ცოდვაა-მეთქი. პასუხი იყო ძალიან ცივი და უხეში: “რაც საჭიროა, ყველაფერი უკეთდება… მეექვსე დღეს ნიკუშა ამ ,, მეოთხეხარისხოვანი ” სეფსისით დაიღუპა……..”

 



 

მასალების გადაბეჭდვის წესი