“სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, ჟენევაში რუსეთის ელჩს შევხვდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ვნახე სასაზღვრე ზოლში არსებული სიტუაცია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, კიდევ უფრო აუცილებლად მიმაჩნია მასთან განმეორებითი შეხვედრა,”- განაცხადა მედიასთან საუბრის დროს თბილისში, 21 მაისს ნავი პილაიმ.
მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში კიდევ 2 სოფელი აღმოჩნდა მავთულხლართების მიღმა.
“ძალიან მძიმე შემთხვევები ვნახე. მაგალითად, 80 წლის დავით ვანიშვილი მავთულხლართებიდან გვესაუბრებოდა, ვინაიდან მისი სახლი გაღმა მოექცა. ასევე, შევხვდი მოზარდს, რომელიც მავთულხლართის მეორე მხარეს წყლის გადაწოდების გამო იყო დაკავებული სამხრეთ ოსეთში,”- განაცხადა პილაიმ.
მისი თქმით, შემაშფოთებელი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში ადამიანებს ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება.
“რამდენჯერმე შევეცადე ჩავსულიყავი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მივიღე. სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი რთულად შეღწევადი ადგილია, ის გახდა “შავი ხვრელი.” აფხაზეთში მოხვედრა, განსაკუთრებით გალის რაიონში, როგორღაც კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ნებართვას სამხრეთ ოსეთში მოსახვედრად ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ იღებს, გამონაკლისია “წითელი ჯვარი.”
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საკითხებს უშუალოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე, პილაის თქმით, ის რეფორმები, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათ დაცვის კუთხით სხვადასხვა სფეროში მიმდინარეობს, იმედის მომცემია.
“არ მახსენდება სხვა ქვეყანა, სადაც ასეთ მოკლე პერიოდში ასეთი ყოვლისმომცველი დოკუმენტი [ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა] შექმნილიყო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე.
ანტიდისკრიმინაციულ კანონით გათვალისიწნებული გარანტიები კარგი იქნებოდა კერძო სექტორზეც გავრცელებულიყო. ერთია კანონის მიღება და მეორეა მათი განხორციელება. არავის აქვს უფლება თვალი დახუჭოს ძალადობაზე, საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზის გავლა მოუწევს.,”- განაცხადა ნავი პილაიმ.
გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ხელისუფლებას მოუწოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც უშუალოდ პოლიციური სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულს და გადაცდომებს გამოიძიებს.
„შს მინისტრის მონაცემებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში 8 სამართალდამცავი იყო დაკავებული.”
პილაის თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა საზოგადოების მეტ ნდობას უზრუნველყოფდა. მაგალითისთვის მან ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმე მოიყვანა.
ვიზიტის ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შსს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრებს, უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებს და ადმინისტრაციულ სასაზღვრე ზოლს ეწვია.





