ახალი ამბები

28 ნოემბერს აღმოჩნდება განსხვავებული რეალობა – კალაძე არჩევნების თარიღს ცესკომდე ასახელებს

14 ნოემბერი, 2018 • 2218
28 ნოემბერს აღმოჩნდება განსხვავებული რეალობა – კალაძე არჩევნების თარიღს ცესკომდე ასახელებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ არჩევნების შესაძლო თარიღი ცესკოს ოფიციალურ განცხადებამდე დაასახელა.  დღეს, 14 ნოემბერს, კალაძე “ქართული ოცნების” შტაბში იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებთან Edison Research-ის კვლევის შედეგებსა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ ისაუბრა.

კვლევითი ორგანიზაციის წინასაარჩევნო შედეგებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე არჩევნების მეორე ტურში 38%-ს აიღებს, ხოლო “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 34%-ს (კვლევის მეთოდოლოგია იხილეთ ბმულზე). სწორედ ამას გამოეხმაურა კალაძე და დასძინა, რომ გამოქვეყნებული კვლევა საზოგადოების აზრის მანიპულირების მცდელობაა.

“ჩვენ თუ გადავხედავთ, ყველა წლების განმავლობაში როგორ ცხადდებოდა კვლევები, რა შედეგებს გვეუბნებოდნენ და რა შედეგებს ვიღებდით არჩევნების შემდეგ, იყო კვლევა გამოქვეყნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი მესამე ადგილზე იყო, თუმცა რეალობა აღმოჩნდა განსხვავბული და 28 ნოემბერს აღმოჩნდება განსხვავებული რეალობა,” – ამბობს კახა კალაძე.

ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ცენტრალურ კომიტეტში სხდომა გაიმართება და საბოლოო ოქმები შეჯამდება. ეს უკანასკნელი კი ნიშნავს, რომ ოქმების შეჯამებიდან 2 კვირაში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. სხდომა პირველ საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო და 19:00-ზე გაიმართება. აქედან გამომდინარე, ცესკოს ჯერჯერობით არ განუცხადებია, რომ არჩევნების მეორე ტური მართლაც 28 ნოემბერს გაიმართება.

ნეტგაზეთმა განმარტებისთვის მერიას მიმართა. უწყების პრესსამსახურმა წერილობით კალაძის განმარტება მოგვაწოდა.

“დილიდან ცნობილია და ცესკოს დღის წესრიგში აქვს, რომ საღამოს იქნება არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები იმართება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები თარიღის დასახელებასთან,” – ამბობს კახა კალაძე.

28 ნოემბერი ოთხშაბათია. იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ამ თარიღს დაამტკიცებს, ეს დღე უქმედ გამოცხადდება.

დაინიშნება თუ არა მეორე ტური შუა კვირაში

მასალების გადაბეჭდვის წესი