“მოგმართავთ თხოვნით, გაგვიწიოთ 2014 წელს სუბსიდიის სახით 300 ათასი ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება. აღნიშნულ თანხის უდიდესი ნაწილი განკუთვნილია ახალი ტაძრების მშენებლობისა და ისტორიული ეკლესია-მონასტრების რესტავრაციისა და შემდგომი აღორძინება-განვითარებისთვის,”- წერილი, რომელიც ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრა ობოლაძეს 2013 წლის ნოემბერში მიწერა, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტს [TDI] და ადამიანის უფლებეიბს სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს [EMC] მიაწოდა. აღნიშნული ორგანიზაციები რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას იკვლევენ.
ორგანიზაციების მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად ირკვევა, რომ 2014 წლის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აღნიშნული ეპარქიისთვის მხოლოდ 120 ათასი ლარია გათვალისწინებული და წლის ბოლომდე, ჯამში, რამდენს მიიღებს მუნიციპალიტეტიდან ეპარქია, ამ ეტაპზე უცნობია.
რაც შეეხება წინა წლებს, 2012 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ეპარქიისთვის 140 ათასი, ხოლო 2013 წლის გეგმით 316 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
კვლევის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე ადამიანის უფლებეიბს სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI] სხვა მონაცემებსაც აქვეყნებენ. მაგალითად, არსებული მონაცემებით, 2013 წელს ბიუჯეტიდან მარნეულის ეპარქიას 196 626 ლარი გადაერიცხა, აქედან ავეჯისა და სხვა ნივთების შესაძენად – 136 524 ლარი [აბაზანის აქსესუარები, ბელუქსის დანები, თეფშები, ტაფები, ქვაბები და ა.შ.], ელექტროტექნიკისთვის – 31 849 [ჭურჭლის სარეცხი მანქანა, კონდიციონერები, ლეპტოპები, ტელევიზორი, პრინტერი, ყავის აპარატი, ბლენდერი, ყურსასმენი, მტვერსასრუტი, ტოსტერი და ა.შ.].





