20 მაისს საქართველოს ცენტრალურმა კომისიამ 7 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ფოთის და რუსთავის სახელისუფლებო კანდიდატები არჩევნებში მონაწილეობას ისევ შეძლებენ, იმის მიუხედავად, რომ მათ ბოლო ორი წლის მანძილზე მუდმივად არ უცხოვრიათ საქართველოში, რასაც საარჩევნო კოდექსი მოითხოვს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, ლელა ტალიური ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილებები არგუმენტაციის ნაწილში განსხვდებოდა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ცესკოს გადაწყვეტილებისგან.
“ვფიქრობთ რომ ცესკო საკუთარ მიდგომებში არის არათანმიმდევრული, ვინაიდან თუ ერთ შემთხვევაში თუ უუქმებს რეგისტრაციას დარეგისტრირებულ კანდიდატს იმ მოტივით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ამ კანდიდატებზეც ფიქსირდება რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც იყვნენ საზღვარგარეთ, სწავლობდნენ, მივლინებით იმყოფებოდნენ და სხვა. ამ არგუმენტაციით ირაკლი ოქრუაშვლიც უნდა დაერეგისტრირებინათ,”- ამბობს ტალიური.
კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც იურისტი საინტერესოდ მიიჩნევს, ირაკლი ოქრუაშვილისთვის უარის თქმის შესახებ 22 აპრილის განკარგულებაა, რომელიც ტალიურის განმარტებით, დასაბუთებას არ შეიცავს
“არ არის დასაბუთება, მოძიებული მტკიცებულებები არ არის მასში. თუმცა, მსგავს შემთხვევებზე, განკარგულებებში ფოთისა და რუსთავის მერების კანდიდატების შესახებ, არა მხოლოდ მხარეს მოსთხოვა დამატებითი მტკიცებულება, არამედ დაინტერესდა, მიმართა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, დაინტერესდა ფაქტებით, საზღვრის კვეთა ჰქონდა თუ არა. ანუ ძირეულად შეისწავლა. ჩვენ არ ვამბობთ რომ არ უნდა შეესწავლა, პირიქით, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს შესწავლილი და დასაბუთებული, თუმცა, სასურველი იყო ასეთი მიდგომები ცესკოს გამოეჩინა 22 აპრილსაც, და მხოლოდ იმიტომ რომ საყოვლთაოდ რაღაც ფაქტის შესახებ იყო ცნობილი, ირაკლი ოქრუაშვილი არ დაარეგისტრირეს.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, [“ვინაიდან საარჩევნო კოდექსში მუდმივად ცხოვრების ფაქტის ლეგალური დეფინიცია არ არსებობს, მსგავს საქმეებზე სასამართლო პრაქტიკით განისაზღვრა, რომ ცხოვრების ფაქტის დადგენის ერთ-ერთი პირობაა პირის აღნიშნულ პერიოდში უშუალო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობასა და ცხოვრებაში, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც საქმეში წარმოდგენილია”], იმ პერიოდის განმავლობაში ოქრუაშვილიც აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მას ჰქონდა პარტია და ვერ ვიტყვით რომ არ იყო ჩართული.
ჩვენ ვნახეთ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები ოქრუაშვილის საქმეზე და სასამართლომ თქვა, რომ “ქალაქის მერად შეიძლება არჩეული იყოს პიროვნება, რომელიც არჩევნების დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში ანუ უშუალოდ, ქვეყანაში ფიზიკურად ყოფნის (ცხოვრების) პირობებში მონაწილეობს ქვეყნის საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში.”
თუ ამ განმარტებებით მივყვებით, ეს ორი კანდიდატიც არ ცხოვრობდა ყოველდღიურად საქართველოში.
ცესკოსთან გვაქვს ამ შემთხვევაში პრეტენზია, გამოდის რომ მათ ჰქონდა ორ მსგავს შემთხვევაში განსხვავებული მიდგომები, ორმაგი სტანდარტი. ვფიქობთ, ახლა ცესკომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, თუმცა სასურველი იყო ასეთივე გადაწყვეტილება წინა შემთხვევაშიც ყოფილიყო მიღებული,”- ამბობს იურისტი.




