ახალი ამბები

საახალწლოდ თითო სათამაშო ჩამოკიდეთ – კალაძის თხოვნა I სართულზე განთავსებულ მაღაზიებს

14 ნოემბერი, 2018 • 2028
საახალწლოდ თითო სათამაშო ჩამოკიდეთ – კალაძის თხოვნა I სართულზე განთავსებულ მაღაზიებს

თბილისის მერმა პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს თხოვნით მიმართა, რომ ფასადები შესაძლებლობის ფარგლებში საახალწლოდ გააფორმონ. საახალწლო სამზადისის შესახებ კახა კალაძემ 14 ნოემბრის დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“მინდა თხოვნით მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტები – მაღაზია ან სუპერმარკეტი. საახალწლოდ, თუ არის ამის შესაძლებლობა, გარე ფასადზე ან შიგნით თითო სათამაშო ჩამოკიდეთ საახალწლო განწყობის შესაქმნელად,” – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ყველა განსაკუთრებულად ელოდება ახალ წელს და იმედოვნებს, რომ მომავალი წელი იქნება უკეთსი, ვიდრე  წინა:

“არამარტო ბავშვები, არამედ თითოეული ჩვენგანი ველოდებით ამ დღეს. მგონია, წელს საუკეთესო განწყობას შევქმნით ქალაქში მოსახლეობისთვის და პატარებისთვის. იქნება სხვადასხვა ღონისძიებები და ამ ინფორმაციას დეტალურად ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით, თუ როდის ჩატარდება, რა ფორმის და როგორი იქნება. გექნებათ კონკრეტული ლოკაციებიც.”

თბილისის მერის განცხადებით, საახალწლოდ, დედაქალაქის მორთვაში ბიზნესსექტორი წელსაც მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, აღნიშნული ტრადიცია შარშან დამკვიდრდა და წელსაც გაგრძელდება.

“ჩვენ გვქონდა კონკრეტული ადგილები, პარკები, სკვერები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიების მიერ იყო მორთული და გალამაზებული. გვინდა, ეს ტენდეცია წელსაც გაგრძელდეს. ბიზნესი უკვე აქტიურობს – მათ აქვთ სურვილი, სხვადასხვა ადგილები საახალწლოდ მორთონ და ჩვენ ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შარშანაც მიმართა მოსახლეობას, წინასაახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მიეღოთ მონაწილეობა. გასულ წელ კახა კალაძემ თბილისის მაცხოვრებლებს სთხოვა, რომ აივნები და საცხოვრებელი სახლების გარე ფასადები საახალწლო განათებებით გაეფორმებინათ, რაც თავადაც გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი