ახალი ამბები

თბილისის მერიამ ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემები გაავრცელა

13 ნოემბერი, 2018 • 11483
თბილისის მერიამ ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემები გაავრცელა

თბილისის მერიამ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციისა და პარლამენტთან ნაძვის ხის განთავსების შესახებ განმარტებასთან ერთად, ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემები გაავრცელა.

11 ნოემბერს მერიის პრესსამსახურის მიერ ჟურნალისტებისთვის და სხვა გამომწერებისთვის გაგზავნილ იმეილს სამი ფაილი აქვს მიმაგრებული. პირველი არის მერიის მიერ ზაზა სარალიძისთვის მიწერილი პასუხის დასკანერებული ვერსია, მეორე — მერიის განცხადება, მესამე კი — თვითონ სარალიძის მიერ თბილისის მერისთვის, კახა კალაძისთვის მიწერილი წერილი, რომელშიც იგი კალაძეს აცნობებს, რომ 31 დეკემბრამდე აგრძელებს პარლამენტთან საპროტესტო აქციას და კარვის დადგმის უფლებას ითხოვს. ამ წერილში ჩანს სარალიძის საცხოვრებელი მისამართი, მისი ტელეფონის ნომერი და მისი ხელმოწერა.

წერილის დასკანირებულ ვერსიას იმეილში, PDF დოკუმენტში, თან ერთვის სარალიძის პირადობის მოწმობის (ორივე მხირდან) დასკანირებული ვერსია, სადაც გარკვევით ჩანს სარალიძის პირადი ნომერი, ხელმოწერა და პირადობის მოწმობაზე დატანილი სხვა პერსონალური მონაცემები.

“ტექნიკური შეცდომა”

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თბილისის მერიას, სადაც ფაქტის გადამოწმების შემდეგ გვითხრეს, რომ მათი იმეილიდან სარალიძის პერსონალური მონაცემები მართლაც გავრცელდა.

მერიის განმარტებით, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, — “როდესაც დასკანერდა ეს დოკუმენტი, რადგან განცხადებას ყოველთვის თან ერთვის ხოლმე განმცხადებლის პირადობა, ავტომატურად ერთიანად ატვირთეს PDF ფაილი”.

პრესსამსახურის თანახმად, ეს “ნამდვილად იყო გაპარული შეცდომა”, თუმცა “არცერთ მედიასაშუალებას ეს  პერსონალური მონაცემები არ გამოუყენებია”.

მათივე ცნობით, ამის გამო პრესსამსახურის “შესაბამისმა თანამშრომელმა საყვედური მიიღო”.

რას ამბობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი?

ნეტგაზეთმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს მიმართა კითხვით, რამდენად კანონერია მოქალაქის პირადი მონაცემების გავრცელება მერიის მიერ, დაწყებული ჰქონდათ თუ არა ამ შემთხვევაში მოკვლევა და შესაძლოა თუ არა მერიას რაიმე სახის სანქცია დაეკისროს ამის გამო.

ინსპექტორის აპარატმა ნეტგაზეთის მიმართვის შემდეგ დაიწყო ამ ფაქტის მოკვლევა. მათ 13 ნოემბერს გვითხრეს, რომ მერიას უკვე მიმართეს დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.

აპარატში გვიპასუხეს, რომ ზოგადად, “პირადობის მოწმობა და მასში თავმოყრილი ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და მათი დამუშავებისთვის, მათ შორის, მესამე პირისთვის გადასაცემად, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული საფუძველი“.

პერსონალურ მონაცემთან დაცვის შესახებ კანონის 43-ე მუხლი პერსონალურ მონაცემთა ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე დამუშავებისათვის ითვალისწინებს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

ამავე კანონის მე-5 მუხლი ამბობს, რომ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუკი:

  • არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
  • მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
  • კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად);

“საკითხის შესწავლის შემდეგ [ინსპექტორის აპარატი] იმოქმედებს კანონისა და კომპეტენციის შესაბამისად”, მისწერა ნეტგაზეთს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი