ახალი ამბები

TI: მთავრობა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ერევა

20 მაისი, 2014 •
TI: მთავრობა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ერევა

საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ტელეკომპანია “მაესტრო” და კონკრეტულად ჟურნალისტი ვახო სანაია მის მიერ მომზადებული გადაცემის გამო გააკრიტიკა. მთავრობის განცხადებაში წერია, რომ ვახო სანაიამ ტენდენციურად წარმოაჩინა სურათი, თითქოს მთავრობას არც ერთი საარჩევნო დაპირება არ შეესრულებინოს. 

 

ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ყველა მედიასაშუალება მათთვის მისაღები ფორმით არ გააშუქებს მიმდინარე პროცესებს, განმარტავს ორგანიზაცია. 

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქვეყანა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში იმყოფება და ხელისუფლების საქმიანობისა და პარტიების წინასაარჩევნო დაპირებების კრიტიკული ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს:

 

“მედიის მხრიდან მთავრობის მუშაობის მონიტორინგი და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა მედიის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. სწორედ ეს, ხშირად უსიამოვნო, საჯარო კონტროლი უწყობს ხელს მოხელეებისა და პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების ამაღლებას და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის სისტემის დამკვიდრებას”.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას, რომ პატივი სცეს მედიის კრიტიკულ დამოკიდებულებას მთავრობისადმი და არ ‘ასწავლოს”, თუ რას გულისხმობს ჟურნალისტური სტანდარტები”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ მსგავსი განცხადებების გაკეთება, ასევე, გზავნილად შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო მოხელეების მიმართ იმის თაობაზე, რომ მედიასთან ურთიერთობის ეს ფორმა ნორმას წარმოადგენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი