ახალი ამბები

სუს-ის ბიუჯეტი 13 მლნ ლარით იზრდება

13 ნოემბერი, 2018 • 3291
სუს-ის ბიუჯეტი 13 მლნ ლარით იზრდება

2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი 13 მლნ ლარით გაიზრდება. სუს-ის ბიუჯეტი მომავალ წელს 136 მლნ ლარი იქნება. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ამ თანხიდან 6 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია დაბალი რანგის მოსამსახურეთა ხელფასის 250 ლარით ზრდისთვის.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, რატომ მოხდა სუს-ის ბიუჯეტის ზრდა. პარლამენტის წევრის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მმართველობა მთლიანად სუს-ს ეფუძნება, სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, ხალხმა უნდა იცოდეს, რატომ იზრდება უწყების ბიუჯეტი.

“მაინტერესებს, ქართველი ხალხის ფულით თქვენი პოლიტიკური უსაფრთხოება რატომ ფინანსდება?!”- ამბობს სამადაშვილი.

ფინანსთა მინისტრმა სამადაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ 2019 წელს ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებს ხელფასი გაეზრდებათ. “სუს-ის მიმართ განსაკუთრებული პრეფერენციები არ არის, თუმცა სხვა უწყებებთან მიმართებით სუსი გამონაკლისი რატომ უნდა ყოფილიყო, არ მესმის,”-ამბობს ფინანსთა მინისტრი.

2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტიც გაიზრდება. შსს-ს ბიუჯეტი, ჯამში, 39 მლნ ლარით იზრდება და 644 მლნ ლარს შეადგენს.  ფინანსთა მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს დაბალი რანგის პოლიციელებსა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ხელფასი საშუალოდ 250 ლარით გაეზრდებათ.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წელს 870 მლნ ლარი იქნება. ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტთან შედარებით მთავრობამ სამინისტროს  დაფინანსება 80 მლნ ლარით გაუზარდა. 2018 წელს თავდაცვის სამინიტროს ბიუჯეტი 702 მლნ ლარს შეადგენდა. ივანე მაჭავარიანის თქმით, ხელისუფლება სამინისტროს ბიუჯეტთან დაკავშირებით ნატოს სტანდარტს ითვალისწინებს. რაც გულისხმობს იმას, რომ თავდაცვაზე ქვეყანამ მშპ-ს 2% უნდა დახარჯოს.

დღეს, 13 ნოემბერს პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა დეპუტატებს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. მომდევნო წლის ბიუჯეტი მთავრობამ 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი