ახალი ამბები

დაითხოვენ თუ არა დარბაისელს სად-ის თავმჯდომარის პოსტიდან

20 მაისი, 2014 • 3595
დაითხოვენ თუ არა დარბაისელს სად-ის თავმჯდომარის პოსტიდან

ვანო მერაბიშვილის საკნიდან ფარულად გაყვანის საქმე, პატიმარ გიგა ფარტენაძის მკვლელობა გეგუთის ციხეში, კოლოსალურად მაღალი პრემიების გაცემა სად-ის მაღალჩინოსნებისთვის, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების დაწინაურება სად-ში, რომლებიც სხვადასხვა კრიმინალურ საქმეებზე იყვნენ ბრალდებულნი ან გამოვლენილნი, სასჯელაღსრულების სისტემაში “რუსთავი 2”-ის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის დასაქმება, რომელზეც, ტელევიზიის დირექტორის თქმით, გადის “რუსთავი 2”-ში ფარული ვიდეომიყურადების საქმის კვალი – ეს იმ გახმაურებული საქმეების ჩამონათვალია, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სად-ის თავმჯდომარედ დიმიტრი დარბაისელის დანიშვნას.

დარბაისელი სად-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2013 წლის 29 ნოემბერს დაინიშნა, როდესაც აღნიშნული თანამდებობიდან მიხეილ ღურწკაია გადააყენეს, რომელიც ამ პოზიციაზე მხოლოდ 8 თვის დანიშნული იყო. ხოლო ღურწკაიამდე აღნიშნულ თანამდებობაზე მაია ხასია მუშაობდა, ისიც მხოლოდ 4 თვის მანძილზე.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის დანიშვნა სასჯელაღსრულების მინისტრის უშუალო უფლებამოსილებაა. სოზარ სუბარმა, რომელიც წელიწადი და 7 თვეა, რაც იკავებს სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტს, ამ ხნის მანძილზე უკვე მესამედ შეცვალა სად-ის ხელმძღვანელი. სუბარის თქმით, დიმიტრი დარბაისელის დანიშვნას გარკვეული წინაპირობა ჰქონდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ დარბაისელს მიეცემოდა დეპარტამენტში საკადრო საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება:

“შეთანხმება გვქონდა ასეთი, რომ თუ მას ჰქონდა ეს მისია მინდობილი, რომ სიტუაცია დალაგებულიყო, მაშინ უნდა ჰქონოდა გრკვეული თავისუფლება საკადრო გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სად-ის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დიმიტრი დარბაისელმა, რომელიც მანამდე შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, მართლაც განახორციელა საკადრო ცვლილებები და თანამდებობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები დანიშნა:

კერძოდ, სად-ის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა სიმონ მაჩაიძე, რომელიც 2011–2012 წლებში მუშაობდა შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ხოლო კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ყავლაშვილი, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ტექნიკის დაზიანების საქმეზე გაასამართლეს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დაინიშნა.

დიმიტრი დარბაისელმა სად-ის უსაფრთხოების სამმართველოს უფროსად ჯაბა მაღლაფერიძე დანიშნა, რომელიც 2007 წლიდან მუშაობდა შსს-ში და სხვადასხვა პერიოდში იკავებდა ისანი–სამგორის, გლდანი–ნაძალადევის და ვაკე–საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას; ასევე, მისი ძმა – უჩა მაღლაფერიძე , რომელიც ამჟამად ასევე სად–ის თანამშრომელია, ხოლო მანამდე შსს-ში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე – იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბოლნისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე; შსს-ს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი –  შოთა ტრაპაიძე სასჯელაღსრულების #7 დაწესებულების დირექტორად დაინიშნა.

აღნიშნულ პირებს რამდენიმე გახმაურებული საქმე უკავშირდება:

ლალი მოროშკინა – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს შტატგარეშე თანამშრომელი, რომლის ფუნქციაც სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგი იყო და რომელიც თანამდებობიდან დღეს, 20 მაისს დაითხოვეს, აცხადებს, რომ უჩა მაღლაფერიძე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში მონაწილეობდა და აქციის დარბევისას გადაღებულ კადრებში მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია.

კადრი, რომელზეც მოროშკინას თქმი, უჩა მაღლაფერიძე ჩანს

მოროშკინას ინფორმაციით, სიმონ მაჩაიძე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის კადრებში ჩანს:

“მე უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარღვევ და მხოლოდ იმ ადამიანებზე ვსაუბრობ, ვინც ამოცნობილი და იდენტიფიცირებულია”.

სად-ის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ მაჩაიძის მეუღლე პროკურორია, რომელმაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რეჟიმის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ყავლაშვილი, რის შემდეგაც იგი სად-ში დასაქმდა. ყავლაშვილი, რომელიც ივანიშვილის ქონების დაზიანებისთვის იყო ბრალდებული, სუბარმა რამდენიმე დღის წინ დაითხოვა.

პატიმარი გიგა ფარტენაძე გეგუთის ციხეში 2014 წლის 4 მარტს მოკლეს, მისი ოჯახი ამ ფაქტის გამო ჯაბა მაღლაფერიძის დასჯას ითხოვს, რომელმაც, ოჯახის თქმით, ფარტენაძე საკანში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან მოათავსა.

ლალი მოროშკინა, რომელიც აღნიშნულ პერიოდში სად-ის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში მუშაობდა, ამბობს, რომ ფარტენაძის გეგუთის ციხეში გადაყვანას სწორედ ჯაბა მაღლაფერიძემ მოაწერა ხელი:

“ვინც ციხე იცის, იმან კარგად იცის ისიც, რომ პატიმრების ასე, ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანა არ ხდება. უნდა მოხდეს საქმის სიღრმისეული შესწავლა. ეს ყველაფერი კანონდარღვევით მოხდა. უცებ სამი თბილისში მყოფი პატიმარი გადაჰყავთ ქუთაისში, სამი დღის მერე კი ვიპოვეთ იქ გარდაცვლილი ფარტენაძე, რომელიც გამოირჩეოდა სიმართლის თქმით, განსაკუთრებული ვაჟკაცობით, ფიზიკური ძალით. ეს ადამიანები [ბრალდებულები] მინიშნებით სასამართლოზე ამბობდნენ, რომ ეს მხოლოდ მათი საქმე არ არის და სხვებიც უნდა დაისაჯონ, ადმინისტრაცია”, – ამბობს ლალი მოროშკინა.

ფარტენაძის ოჯახი აცხადებს, რომ თავად სად-ის უფროსი დიმიტრი დარბაისელი მათ მოსყიდვას ცდილობდა მედიასთან მათი კონტაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ.

სად-ის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი ლალი მოროშკინა “ნეტგაზეთთან” საუბარში იხსენებს, რომ სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში მდგომარეობა უარესობისკენ მას შემდეგ შეიცვალა, რაც მის ხელმძღვანელად შოთა ტრაპაიძე დანიშნა:

“ამ დაწესებულებაში აღუკვეთეს თავისუფლება სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს, ტრაპაიძის მოსვლის შემდეგ #7 დაწესებულებაში ფიქსირდება ყველაზე მეტი დარღვევა და ყველაზე მძიმე და გაუსაძლისი მდგომარეობაა”, – აცხადებს მოროშკინა.

იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული პირები ფიგურირებენ ამ გახმაურებულ საქმეებში, სწორედ ისინი დააჯილდოვა კოლოსალური პრემიებით სად-ის ხელმძღვანელმა დიმიტრი დარბაისელმა. ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა, რომელიც მოგვიანებით დადასტურდა:

გასული წლის დეკემბერში სიმონ მაჩაიძემ პრემიის სახით 38 733 ლარი მიიღო, შოთა ტრაპაიძემ – 23 270 ლარი, ჯაბა მაღლაფერიძემ – 21 435 ლარი, უჩა მაღლაფერიძემ – 23 467, ხოლო გიორგი ყავლაშვილმა – 17 125 ლარი.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ამ პირებზე პრემიების გაცემა ვანო მერაბიშვილის საკნიდან ფარულად გაყვანის ფაქტს უკავშირდებოდა, როდესაც ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ ის შანტაჟის მიზნით გაიყვანეს საკნიდან მაშინდელ მთავარ პროკურორთან – ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად. ნადირაშვილის თქმით, სავარაუდოდ, თანამშრომლებს პრემია დუმილის სანაცვლოდ ჩაურიცხეს.

მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე საუბრობს ლალი მოროშკინაც: “პატარა ბავშვმაც იცის, რომ ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაყვანილი იყო. ეს იყო დარბაისელის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელსაც მთავარი პროკურორი ფარცხალაძე გადაყვა”, – აცხადებს ლალი მოროშკინა.

კიდევ ერთი პირი, რომელმაც კოლოსალური პრემია – 38 390 ლარი მიიღო გასული წლის დეკემბერში, ვლადიმერ ბუნტურიძეა, რომელიც ამჟამად სად-ის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მუშაობს, ხოლო 2013 წელს შსს-ს სუს-ის უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. უფრო ადრე კი  “რუსთავი 2”-ის დაცვის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. როგორც “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, ტელეკომპანიის თანამშრომელთა შესაძლო ფარული მიყურადების საქმეზე პროკურატურის შიდა მოკავშირე, სავარაუდოდ, ვლადიმერ ბუნტურიძე იყო.

ლალი მოროშკინას თქმით, გარდა პრემიების გაცემისა, დიმიტრი დარბაისელმა გახარჯა 4 000 თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევის სოციალური პაკეტის ფული, რის გამოც დეპარტამენტის არც ერთ თანამშრომელს დაზღვევა არ გააჩნია.

“მე არ ვითხოვ მხოლოდ გათავისუფლებას ამ ადამიანის, მე ვითხოვ დასჯას და ბიუჯეტში დაბრუნებას 4 000 ადამიანის სადაზღვევო პაკეტის ფულის”, – აცხადებს მოროშკინა.

მოროშკინას თქმით, უნდა დაისაჯონ დეპარტამენტში დარბაისელის მიერ მოყვანილი კადრებიც. როგორც მოროშკინა აცხადებს, ამაში მას მხარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც უჭერს, რადგან ბესელია თავის დროზე 7 ნოემბერს, 6 მაისსა და 26 მაისს მომხდარ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე საუბრობდა და დამნაშავეების დასჯას ითხოვდა.

“მზად ვარ შევისწავლო ყველა საკითხი და პრობლემა, რაც არსებობს, და განვიხილო ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. მზად ვარ შეხვედრისთვის და ამ თემებზე თანამშრომლობისთვის”, – აცხადებს ეკა ბესელია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე კი მიიჩნევს, რომ ფაქტებზე, რომელზეც ლალი მოროშკინა საუბრობს, გამოძიება უნდა დაიწყოს:

“ახლა, როცა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება, არა რომელიღაც მოქალაქის, არამედ იმ ადამიანის მიერ, ვინც სისტემაშია დასაქმებული და აქვს გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა, ცხადია, გამოძიება უნდა დაიწყოს. ამაში ორი აზრი არ შეიძლება იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რაზეც ქალბატონი მოროშკინა საუბრობს, ამიტომ გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გაირკვეს სიმართლე, მით უმეტეს, რომ უწყებაში აღნიშნულ საკითხზე გაკეთებული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს”, – აცხადებს კოჟორიძე.

პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის თემო დოლიძის განცხადებით, გამოძიება გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით არ დაწყებულა:

“ჩვენთვის არავის მოუმართავს ამ საკითხზე“, – განაცხადა თემო დოლიძემ.

შეკითხვაზე, რატომ რჩება დიმიტრი დარბაისელი კვლავ თანამდებობაზე, სასჯელაღსრულების მინისტრი პასუხობს:

“რადიკალური გადაწყვეტილება დარბაისელთან დაკავშირებით არ იგეგმება, მაგრამ ზოგადად არავინ არ არის მიკერებული თავის თანამდებობაზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი