ახალი ამბებიკომენტარი

ჩემი ორი ცხოვრება

20 მაისი, 2014 • 2470
ჩემი ორი ცხოვრება

მაშინ მე და დედაჩემი 4000 კილომეტრით შორს ვიყავით ერთმანეთისაგან. ყველაფრის შესახებ ფეისბუქით მოვუყევი. დიდხანს მესაუბრებოდა იმაზე, რომ ფსიქოლოგთან უნდა ვიარო, რომ იქნება მღვდელთან სიარულმა მიშველოს, (არადა, თავად ერთხელაც არ ყოფილა აღსარებაზე მღვდელთან), მერე ფსიქიატრიც კი მირჩია, ეგებ გამოსწორდე, ყველაფრით დაგეხმარები და არც ფული დამენანება, ოღონდ, იქნებ გოგო შეგიყვარდესო.

საკუთარი თავი ავადმყოფი არასდროს მგონებია, მაგრამ ჩემი ჰომოსექსუალობის შეცვლას, ჩემი ჭკუით, ვფიქრობდი, მოვახერხებდი და ამას წლები დავახარჯე. ეკლესიაშიც დავდიოდი. ნუგეშის მაგივრად, ამბიონიდან ჰომოსექსუალობის ავადმყოფობაზე ვისმენდი ქადაგებებს. ნუსხურიც ვისწავლე (ჩემს მღვდელზე უკეთ) და მედავითნეობასაც ვაპირებდი. ხანდახან, ჰომოსექსუალობის ავადმყოფობაზე რომ მესმოდა, თვითმკვლელობასაც ვაპირებდი. მეგონა, არავინ მიმიღებდა და ამ ფიქრებში არაერთი წელი გავატარე.

დედაჩემს გულწრფელად ვუთხარი, რომ რამდენიმე წელიწადს ეკლესიაში იმიტომ დავდიოდი, რომ ეგებ გამოვსწორებულიყავი და რომ, იქედან სიძულვილის მეტი არაფერი მომისმენია. რომ მაშინაც კი, როდესაც პურსა და წყალზე ვმარხულობდი, ვერაფერს ვახერხებდი, ისევ უწინდებურად ვფიქრობდი ბიჭზე, რომელიც მომწონდა. ამიტომ, დედაჩემი თავიდანვე დავარწმუნე, რომ ვერც მღვდელი, ვერც ფსიქოლოგი და ვერც ფსიქიატრი შემცვლიდნენ, ძალიანაც რომ მდომოდა.

კარგად მესმის, რომ რიგით ჰეტეროსექსუალს ამის მიხვედრა ძალიან გაუჭირდება. ჩემი ჰომოსექსუალობა მე არ ამირჩევია. 7-8 წლის ვიქნებოდი, როცა შევნიშნე, რომ მეზობლის ბიჭი მომწონდა. მომწონდა იმის მიუხედავად, მე მინდოდა თუ არა, ასე ყოფილიყო. არ ვიცი, იქნებ თქვენ თქვენი ჰეტეროსექსუალობა თავად აირჩიეთ, მე, შემიძლია დავიფიცო, ჰომოსექსუალობა თავად არ ამირჩევია.

იმ საღამოს, რომ გამოვუტყდი, დედაჩემს გულის შეტევა დაემართა და სასწრაფოსაც გამოუძახეს. მე იმდენიც ვერ ვქენი, საკუთარი დედის რეაქციისთვის მეყურებინა და მისთვის ასე მძიმე ამბის გაგებისას მის გვერდით ვყოფილიყავი. არადა, როცა ვუთხარი, მე მამშვიდებდა, სამარის კარამდე ისეთი მეყვარები, როგორიც ხარო. თურმე ეს ამბავი, მე რომ ვიფიქრე, არც ისე მარტივად გადაუტანია. ცუდად რატომ გახდა,  ვერავინ მიხვდა. ვერც ვერავის გაუმხილა მიზეზი. მეც ჩემი ძმის წყალობით გავიგე ორიოდე თვის შემდეგ, რომ ჩემი ორიენტაციის გაგების შემდეგ დედამ ლამის გულის ინფარქტი გადაიტანა.

ქამინ აუთიდან ორი თვის შემდეგ პირისპირ ვნახე დედაჩემი. ორ დღეს არაფერზე გვისაუბრია, ერთმანეთი დიდი ხნის მონატრებული გვყავდა და ის ორი დღე ერთმანეთს ამ თემაზე ლაპარაკით არ ჩავაშხამეთ. მესამე დღეს მკაცრი, ლამის შეშლილი სახით მოაყოლა ჩვენს საუბარს, რომ ურჩევნია თავი მოიკლას, ვიდრე მე ვინმე ბიჭის გვერდით მყოფი მნახოს.

ეს ჩემი ტრაგედიაა. ვერასდროს გავაცნობ შეყვარებულს ჩემს მშობლებს და ცხოვრება მარადიული მალვის ქვეშ მომიწევს.  ვერასდროს წარმოიდგენდა დედაჩემი, რომ 7 წლის ბავშვი, რომელსაც  სურამის ციხეზე, ოსმალობასა თუ ლეკიანობაზე უკითხავდა წიგნებს, ჰომოსექსუალი აღმოჩნდებოდა. უკვე დიდი ხანია შევეგუე იმ აზრს, რომ საკუთარი ბედნიერების (თუკი ასეთი მეწვევა) დამალვა მომიწევს და ბევრს ვერავის გავუზიარებ.

ჩვენთან რატომღაც ჰგონიათ, თან გულწრფელად ჰგონიათ ასე, რომ ჰომოსექსუალები ვინმეს მიბაძვით ან მოდის გამო გავხდით. იმდენი საღი აზრი გამაჩნია, დაბეჯითებით ვთქვა, რომ ადამიანი არანორმალური უნდა იყო, საქართველოს მსგავს ჰომოფობიურ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა გინდოდეს.

განა თქვენ, ჰეტეროსექსუალებს, ოდესმე გდომებიათ, რომ თქვენზე ავტობუსში, ქუჩაში, კორპუსის ეზოში, უნივერსიტეტში ლექციაზე თუ ყველგან როგორც ავადმყოფზე, ისე ლაპარაკობდნენ? განა ოდესმე ვინმეს სდომებია, რომ სრულიად უდანაშაულოს ქუჩაში ტაბურეტკით გამოგკიდებოდნენ? განა ოდესმე გდომებიათ, რომ საზოგადოების 90%-ს უმიზეზოდ სძულდეთ? განა გდომებიათ ოდესმე, რომ თქვენს იდენტობასა და მეობას პოლიტიკოსები, მღვდლები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები სავაჭრო, პოლიტიკურ იარაღად იყენებდნენ? ნუთუ გაგჩენიათ სურვილი, რომ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავდეს?

არა მგონია, საღი აზროვნების ადამიანს ეს უნდოდეს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, ჰომოსექსუალობას თავისი სურვილით ვინმე არ ირჩევს. ეს მოცემულობაა, რომელსაც ყოველდღე შენდა უნებურად, შენგან დამოუკიდებლად ეთანხმები, შენ უბრალოდ სხვაგვარად არ შეგიძლია.

ბევრ ჩვენს თანამემამულეს ტვინი გამოულაყეს და ბევრს გულწრფელად სჯერა, რომ გრანტის გამო შეგიძლია ჰომოსექსუალი გახდე. ჩემთვის ფაქტია, მე მაშინაც ჰომოსექსუალი ვიყავი, როცა  სიტყვა გრანტზე არაფერი არ მსმენოდა.

ჩვენთან ისიც ჰგონიათ, რომ ჰომოსექსუალები გვართმევენ ქართველობას. ასე ჰგონიათ ლიტვაში, უნგრეთში თუ ტუნისში, ყველა საზოგადოებაში განტევების ვაცები ჰყავთ და, როგორც წესი, ამ განტევების ვაცებად ჰომოსექსუალები გამოჰყავთ ხოლმე. ისტორიას ჰომოსექსუალების გამო დანგრეული ქვეყანა არ ახსოვს, სიბოროტეს, შურსა და სიძულვილს კი არაერთი დაუნგრევია აქამდე. არც ილიასეული იდეალების თუ ვაჟა-ფშაველას ჰუმანიზმის გათავისება გამჭირვებია ჩემი ჰომოსექსუალობის გამო და არც ვინმეზე ნაკლებ ქართველად მიგრძვნია თავი ამ მიზეზით.

ჩვენ გამუდმებით პროპაგანდას გვაბრალიან. წლებია, დღეში 5 ადამიანის სამყოფს გავდივარ ფეხით და არასდროს ხელჩაკიდებული გეი წყვილი არ მინახავს. სამაგიეროდ, წამში 5 ჰეტეროსექსუალ წყვილს ვხედავ, რომლებიც ერთმანეთს კოცნიან. რა, განა ეს პროპაგანდაა? სხვისი არ ვიცი, მე მიხარია, როცა ადამიანებს უყვართ და არ სძულთ. მიხარია, როცა ამას გამოხატავენ, მიუხედავად იმისა, რომ მე ჰეტეროსექსუალობის შემთხვევაშიც კი ალბათ არ ვაკოცებდი საჯაროდ, რადგან ის რაღაც ჩემია, პირადი და არ მინდა, ქუჩა მიყურებდეს. ის კი უნდა ვთქვა, თქვენ, ჰეტეროსექსუალები, ვერასდროს გააცნობიერებთ, რა ბედნიერებაა, რომ  საყვარელი ადამიანისთვის ქუჩაში ხელის ჩაჭიდების არ გეშინოდეთ.

თქვენ შესაძლოა თვეში რამდენჯერმეც დაარბიოთ ჰომოსექსუალები, მათ ტაბურეტკებით სდიოთ, ან ჭინჭრებით გამოეკიდოთ, თუმცა ამით ჰომოსექსუალთა რაოდენობას არც მოაკლდება და არც მოემატება რამე. ამით, პირველ რიგში, საკუთარ ადამიანურ სახეს დაკარგავთ და მაქსიმუმ ვიღაც უდანაშაულო დედას ან მამას გაამწარებთ.

არ მიყვარს ადამიანების დაყოფა, ჩემთვის ადამიანი, როგორც ადამიანი უკვე ფასეულობაა. მორწმუნეთაგან ბევრს დაავიწყდა, მაგრამ მე, არამორწმუნეს მახსოვს, ‘”თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტეში.’’ ეგეც არ იყოს, ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში არათუ ადამიანი, არამედ ხეების სიცოცხლეც უნდა გაღელვებდეს.

დაბოლოს, როდესაც ერი და ბერი, პოლიტიკოსები თუ წითელი ინტელიგენტები ეკლესიაში, ქუჩასა თუ ტელევიზორში გაჰკივით და ჰომოსექსუალებს ავადმყოფებს უწოდებთ, გახსოვდეთ, თქვენ ჰომოსექსუალი ბავშვი გისმენთ, რომელმაც თქვენი სიტყვების გამო შესაძლოა საბოლოო განაჩენი გამოუტანოს თავის სიცოცხლეს.

უხილავების პროტესტი თბილისში

უხილავების პროტესტი თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი