ახალი ამბები

რატომ დაიღუპა პირველკლასელი გოგონა

20 მაისი, 2014 •
რატომ დაიღუპა პირველკლასელი გოგონა

ქედის მუნიციპალიტეტის დოლოგნის სკოლაში სოფელ ქოსოფლიდან ექვსი ბავშვი დადის. რამდენიმეკომლიანი სოფელი გარესამყაროს საცალფეხო ბილიკით უკავშირდება. არის შემოვლითი საავტომობილო გზაც, თუმცა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შეიძლება გადაადგილება.

 

ამ გზაზე მოსწავლეებს ბაგირის ხიდზე გავლაც უწევთ. ხიდზე გავლა განსაკუთრებით საშიშია გაზაფხულსა და შემოდგომაზე – ადგილობრივების თქმით, მდინარის ადიდების შემთხვევაში ხიდის მიმდებარე ტერიტორია ისე იტბორება, რომ გავლა შეუძლებელი ხდება.

 

ქოსოფლიდან ექვსი მოსწავლე საცალფეხო ბილიკით ჩამოდიოდა სოფელ ბელტურში, მათ შორის მირანდაც, კიდევ სამი მოსწავლე უერთდებოდა და ისინი ერთად მიდიოდნენ სკოლისკენ, სოფელ დოლოგანში.

 

სოფელ ბელტურიდან დოლოგნამდე გზის მონაკვეთი, საგზაო დეპარტამენტის მონაცემებით, მინიმუმ 2 კილომეტრი და 600 მეტრია. შესაბამისად, ყოველდღიურად ბავშვებს ასევე მინიმუმ 5 კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით სკოლაში და უკან სახლისკენ. გარდა ამისა, გზის მონაკვეთი, რომელსაც ბავშვები ყოველდღიურად ფეხით გადიან, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალია. ამ გზაზე მუდმივად მაღალი სიჩქარით მოძრაობს ტრანსპორტი.

 

ქედის რესურსცენტრის ინფორმაციით, სკოლებში მიკროავტობუსებს მოსწავლეების გადაადგილებისთვის იმ შემთხვევაში ნიშნავენ, თუ სკოლამდე მანძილი მინიმუმ 1 კილომეტრი და 500 მეტრია. მაშინ, რატომ არ გამოყვეს ქოსოფლისა და ბელტურის ბავშვებისთვის სასკოლო ავტობუსი? ექვსი წლის გოგონას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მიკროავტობუსის მძღოლის გარდა სხვა პირსაც დაეკისრება თუ არა? – ამ დროისთვის დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს. ამ ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.

 

დოლოგნის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა საფარიძე ამბობს, რომ მიკროავტობუსი სკოლამ უნდა მოითხოვოს. მან იქვე განმარტა, რომ ბელტურიდან მომავალი ბავშვებისთვის მიკროავტობუსის დანიშვნის საჭიროება, მანძილის სიმცირიდან გამომდინარე, არ ყოფილა.

 

„სკოლამ უნდა დააყენოს მიკროავტობუსის მოთხოვნა საჭიროების შემთხვევაში, 114 მოსწავლე მყავს და მხოლოდ ერთი უბნის (სოფელი ჭინკაძეები) მოსწავლეებს ემსახურება ტრანსპორტი, რადგან სკოლა ამ სოფლიდან დიდი მანძილით არის დაშორებული. რაც შეეხება ბელტურის ბავშვებისთვის ტრანსპორტის გამოყოფას, მოთხოვნა არ გამიკეთებია, ამის საჭიროება არც ყოფილა, მოსწავლეებს გადაადგილების პრობლემა არ ჰქონდათ. სკოლამდე მხოლოდ კილომეტრნახევარია”, – ამბობს დირექტორი.

 

მოსწავლეები კი ამბობენ, რომ გაკვეთილებზე ხშირად აგვიანდებათ. ბავშვები ცდილობენ მაგისტრალზე მოძრავი “მარშრუტკებით” მივიდნენ სკოლამდე. არის შემთხვევები, როცა სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ტრანსპორტს არ აჩერებენ, მაშინ კი ამ ბავშვებისთვის, როგორც თავად ყვებიან, საგაკვეთილო პროცესი მეორე გაკვეთილიდან იწყება. დაღუპული გოგონას მამა ამბობს, რომ შვილის გარდაცვალების გამო აპირებს სამართალდამცავებს მიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი