თურქეთში იძიებენ რეკლამას, რომლის მსახიობიც სახელმწიფომ ფეთულა გიულენს მიამსგავსა

თურქეთში ხმაურისა და გამოძიების ობიექტი გახდა რეკლამა, რომელში მონაწილე ერთ-ერთი მსახიობიც სახელმწიფო უწყებამ აშშ-ში მოღვაწე თურქ მქადაგებელს, ფეთულა გიულენს მიამსგავსა. გიულენს ერდოღანის ხელისუფლება 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას ედავება.

“ჰურიეთის” ცნობით, სადავო რეკლამა ანკარის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გადაიღო. 2 წუთიანი ვიდეო ხმაურის მიზეზი მას შემდეგ გახდა, რაც ის თურქეთის სახელმწიფო ტელეარხ TRT-ზე გავიდა. მასში მონაწილე ერთ-ერთი მსახიობი ავადმყოფ კაცს თამაშობს, რომელიც სახლში მკურნალობს.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც რეკლამის ავტორი დირექტორატი ექვემდებარება, იფიქრა, რომ მსახიობი ვიზუალით ჰგავს თურქეთის მიერ ტერორისტად გამოცხადებულ ფეთულა გიულენს. ამის გამო, ვიდეოზე გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მასზე პასუხისმგებელი სამი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა. ასევე დაიკითხა დირექტორატის არაერთი მოხელე.

აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელ ფეთულა გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის 16 ივლისის სამხედრო გადატრიალების ორგანიზებას ედავება და ვაშინგტონს მის გადაცემას სთხოვს.

ბოლო 2 წლის მანძილზე თურქეთის ხელისუფლებამ გიულენთან კავშირის ბრალდებით ათობით ათასი ადამიანი დააკავა და სამსახურიდან გაათავისუფლა. დაიხურა ათასობით სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი, ასობით მედიაორგანიზაციამ კი ფუნქციონირება შეწყვიტა.

*გარეკანი: პირველ ფოტოზე აღბეჭდილია მსახიობი სადავო რეკლამიდან, მეორეზე – ფეთულა გიულენი

დევნა რიცხვებში – თურქეთის 2 წელი გადატრიალების მცდელობიდან[ინფოგრაფიკა]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან