ახალი ამბები

“საზოგადოების შეცდომაში შეყვანა” – თავდაცვის უწყება გენერალ ჭანკოტაძის მიმართვაზე

9 ნოემბერი, 2018 • 2595
“საზოგადოების შეცდომაში შეყვანა” – თავდაცვის უწყება გენერალ ჭანკოტაძის მიმართვაზე

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების მიმართვას ეხმაურება, რომლითაც ისინი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ.

უწყების განცხადებით, ვიდეომიმართვაში მონაწილე ადამიანები წლებია შეიარაღებულ ძალებში აღარ მსახურობენ. თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ მასალა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და ჯარის პოლიტიზაციის მცდელობას წარმოადგენს.

“სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს. თავდაცვის სამინისტროსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღებელია სამხედრო ფორმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზაციის მცდელობა. აღნიშნული ქმედება დამაზიანებელია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისთვის, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალები და შეურაცხმყოფელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების თქმით, შეიარაღებული ჯარები პოლიტიკურად ნეიტრალური სამხედრო ინსტიტუტია და მსგავს პროცესებში არ მონაწილეობს.

ვიდეომიმართვა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა ჩაწერილი, გენშტაბის ყოფილი უფროსის, დევი ჭანკოტაძისა და სხვათა მონაწილეობით, გუშინ, 8 ნოემბერს გამოქვეყნდა. ჭანკოტაძე აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა რუსეთთან ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

“რამდენიმე კვირაში საქართველო აირჩევს ახალ პრეზიდენტს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში; ადამიანი, რომლის ბრალდების საფუძველზე ჰააგის ტრიბუნალზე რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენი ბიჭები გაასამართლოს, ჩვენი გმირები გაასამართლოს, ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები… მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს გააკეთებს სწორ არჩევანს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და ღირსეული მთავარსარდალი”, – აცხადებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი