ვიდეო წარმოადგენს ცნობილი კომპიუტერული თამაშის – “სუპერ მარიოს” ანალოგს, თუმცა მთავარი გმირის – მარიოს პროტოტიპად გამოყენებულია “ტაბურეტკიანი მამაო”, რომელიც, თავის მხრივ, გამოსახავს ქართველ მღვდელს, რომელიც გასული წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისში ვიდეოკამერებზე დააფიქსირეს, როცა ტაბურეტკით ხელში გარბოდა და მისდევდა აქციის მონაწილეებს, ვინც ჰომოფობიას აპროტესტებდა საქართველოში.
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა სწორედ ამ დღეს, 1990 წლის 17 მაისს ამოიღო დაავადებათა ნუსხიდან. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს.
გასულ წელს ამ დღის აღნიშვნის საშუალება არ მისცეს ლგბტ უფლებადამცველებს სასულიერო პირებმა და მრევლმა, დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები მღვდლების მხრიდან, თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა.
იმის გამო, რომ პოლიციამ ვერც შარშან და ვერც შარშანწინ მოახერხა ლგბტ პირებისა და უფლებადამცვაელების უსაფრთხოების სათანადოდ უზრუნველყოფა, წელს ამ დღეს საქართველოში არ აღნიშნავენ. სამაგიეროდ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დააარსა ოჯახის სიმტკიცის დღე, რომელიც მისი გადაწყვეტილებით, დღეიდან ყოველი წლის 17 მაისს აღინიშნება.







