იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შემუშავების დროს იუსტიციის სამინისტროს ეკლესიასთან კონსულტაციები ჰქონდა და ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით მთავრობა და საპატრიარქო ერთმანეთს არ დაპირისპირებია.
“მე არ ვთვლი ასე, რომ ჩვენი ხელისუფლება დაუპირისპირდა საპატრიარქოს. ეს არის არასწორი განცხადება. ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისფლება, რომელიც პრიველად 9-წლიანი კოშმარის შემდეგ, თითოეულ კანონპროექტზე, რომელიც თუნდაც ირიბად შეიძლება ეხებოდეს ეკლესიას, ეკლესიასთან თანამშრომლობს. ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე, რომელიც სახეცვლილად მთავრობამ გააგზავნა პარლამენტში, ეკლესიის წარმომადგენლებთან პირადად მე მქონია შეხვედრა.”,- განაცხადა მინისტრმა.
წულუკიანის თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ყველა მუხლი შეთანხმებული იყო ეკლესიასთან და აჟიოტაჟი ამ თემის ირგვლივ სხვადასხვა ჯგუფის მიერაა შექმნილი:
“ერთადერთი, რასაც ვნანობ ამ აჟიოტაჟის გარშემო, არის ის, რომ ზედმეტად შექმნილი აჟიოტაჟი ზედმეტად ანერვიულებს კათოლიკოს-პატრიარქს და არა კანონი. ეკლესია არის სახელმწიფოსგან ცალკე, სახელმწიფო არის ეკლესიისგან ცალკე. ჩვენი ხელისუფლება არ ემხრობა ერთსქესიან ქორწინებას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მინისტრის თქმით, არ უნდა გვქონდეს მოლოდნი, რომ ეკლესიამ ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა მოიწონოს, მას შეუძლია არ ეთანხმენოდეს იმ ნაწილში, რომელიც რელიგიური ჯგუფებისთვის მიუღებელია.