ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ბიტკოინის საწარმოს გუგუნმა ახალქალაქის მოსახლეობა შეაწუხა

8 ნოემბერი, 2018 •
ბიტკოინის საწარმოს გუგუნმა ახალქალაქის მოსახლეობა შეაწუხა

კრიპტოვალუტის საწარმოებიდან გამოსულმა მუდმივმა ხმაურმა ახალქალაქის მოსახლეობა შეაწუხა, – წერს ადგილობრივი მედია jnews.ge.

გამოცემის ცნობით, ახალქალაქის ერთ პატარა, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ბიტკოინის ორი ფაბრიკაა – “საწარმოდან გამოსული ხმაური ქუჩაზე შესვლისთანავე ისმის”.

ადგილობრივ მედიას სწორედ ამ ქუჩის შეწუხებული მცხოვრებლები დაუკავშირდნენ.

“უკვე ერთი წელია ასეა. ვერც კარს ვაღებთ, ვერც ფანჯარას, ამ ხმაურს ჭკუიდან გადავყავართ. ბიტკოინის წინააღმდეგი კი არ ვართ, მაგრამ ხომ შეიძლება რაიმე იზოლაცია გააკეთონ, რომ ხმაური აღარ გამოვიდეს. ამბობენ, კიდევ ერთი ფაბრიკა უნდა დაამატონ. ეს უკვე წარმოუდგენელი იქნება”, – ამბობს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მცხოვრები.

კრიპტოვალუტის მეორე საწარმო ამავე ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, თუმცა შესაბამისი იზოლირების გამო მოსახლეობას არ გაუგია.

“ჯამში, 30 აპარატი გვაქვს. ჯერ დამწყები ვართ ამ საქმეში. ჰერმეტულად დავხურეთ კარებიც და ფანჯრებიც და ხმაური არავის უშლის ხელს. რამდენიმე დღის წინ გავიხსენით”, – ამბობს ოვანეს პაპოიანი, მეორე ფერმის მფლობელი.

პირველი ფერმის მფლობელი კი ამბობს, რომ ხმაური გაგრძელდება.

“ჩვენ იჯარით გვაქვს ეს შენობა აღებული და მოსახლეობასაც წინასწარ ვუთხარით, რომ ხმაური იქნებოდა. მაშინ გვითხრეს, რომ ხმაური ხელს არ უშლიდა, ამიტომაც გავაკეთეთ ფერმა აქ. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული ხმაურის ჩასახშობად, ყველაფერი გავაკეთეთ, მეტს ვერაფერს ვიზამთ”, – ამბობს ნარ ოგანესიანი, ფერმის მფლობელი.


ციფრული ვალუტები ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოიყენება. ისინი საბანკო სისტემის ალტერნატივას ქმნიან. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინი 2008 წელს შეიქმნა.  მას სახელმწიფო და ფინანსური სტრუქტურები ვერ აკონტროლებენ. შესაბამისად, ამ მეთოდით თანხის გადარიცხვა გაცილებით სწრაფი და მარტივია ტრადიციულთან შედარებით.

კრიპტოვალუტის მოპოვების ორი გზა არსებობს. პირველი, მათი ტრადიციული ვალუტებით შეძენაა. მეორე მეთოდს კი “მაინინგს” უწოდებენ, როდესაც მომხმარებელი შესაბამისი ალგორითმის მეშვეობით კრიპტოფულს კომპიუტერული მოწყობილობებით გამოიმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი