ახალი ამბები

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით კანცელარიასთან ფერად ბოლს გაუშვებენ

16 მაისი, 2014 • • 954
მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით კანცელარიასთან ფერად ბოლს გაუშვებენ

საინიციატოვო ჯგუფის ერთ–ერთი წევრის, დავით სუბელიანის თქმით, მთავრობასთან მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კუთხით მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროექტი დაბლოკა.  

სუბელიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი მარიხუანას მოხმარებაზე უფრო მძიმე დანაშაულებისთვის გაცილებით მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს, რაც მიუღებელია:

 


“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გაუპატიურებისთვის  სასჯელი ითვალისწინებს 4–დან 6 წლამდე პატიმრობას, ყაჩაღობა ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით ისჯება  5–დან 7 წლამდე პატიმრობით, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა ან ხელმძღვანელობა ისჯება  7–დან 9 წლამდე პატიმრობით, ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება ისჯება  7–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, მაშინ, როცა ამავე სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის შენახვა ისჯება 11 წლამდე პატიმრობით”– აცხადებს სუბელიანმა.

საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ლექსო მაჭავარიანი ქართული ოცნების 2012  წინასაარჩევნო კომპანიას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ საუბარი იყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადახედვაზე, თუმცა ქმედითი ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა.

 

მისივე თქმით, არსებობს სამართალდამცველების მხრიდან მარიხუანის მომხმარებლებზე შანტაჟის ფაქტებიც და კონკრეტული შემთხვევები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი:

“100% თუ არა 99% საქართველოს მოქალაქეების ამას ემხრობა  და მთავრობა ვალდებულია, ყურადღება მიაქციოს და დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა. მით უმეტეს, რომ კარზეა მომდგარი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება. მე მგონია, რომ სირცხვილია ევროპაში ამ ლაქით შესვლა“, – განაცხადა ამავე საინიციატოვო ჯგუფის წევრმა, ჟურნალისტმა  დავით კოვზირიძემ.

მოძრაობის წევრის, ქეთა გაბუნიას თქმით, 2 ივნისს დაგეგმილ აქციაზე სიმბოლურად გაუშვებენ ფერად ბოლს. თბილისის პარალელურად აქციების ჩატარება ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში იგეგმაბა.

 

ამავე მოთხოვნით აქცია კანცელარიასთან შარშანაც გაიმართა. აქციის ჩატარებამდე კი აქციის ორგანიზატორთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართეს და ნარკოდანაშაულის კუთხით კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფში მათი წევრების ჩართვა მოითხოვეს.

 

აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. 2013 წელი
აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. 2013 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი