ახალი ამბები

ტრამპისთვის მწვავე კითხვის დასმის შემდეგ, CNN-ის ჟურნალისტს აკრედიტაცია გაუუქმეს

8 ნოემბერი, 2018 • 1940
ტრამპისთვის მწვავე კითხვის დასმის შემდეგ, CNN-ის ჟურნალისტს აკრედიტაცია გაუუქმეს

CNN-ის მთავარ კორესპონდენტს თეთრი სახლში აკრედიტაცია მას შემდეგ შეუჩერეს, რაც პრესკონფერენციაზე ტრამპს არჩევნებთან დაკავშირებით მწვავე კითხვები დაუსვა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმდენად არ მოეწონა ჯიმ აკოსტას კითხვები, რომ მას “საშინელი” ადამიანი უწოდა.

“თქვენ ხართ უხეში, საშინელი ადამიანი, რომელმაც CNN-თვის არ უნდა იმუშაოს”, – უთხრა ტრამპმა ჯიმ აკოსტას.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ოთხშაბათ საღამოს თეთრ სახლში პენსილვანიის გამზირიდან შესვლა სცადა, საიდანაც, როგორც წესი, ჟურნალისტები შედიან ხოლმე, თუმცა დაცვამ არ შეუშვა.

“უსაფრთხოების სამსახურმა ჩემი აკრედიტაციით თეთრ სახლში არ შემიშვა”, – დაწერა ტვიტერზე CNN-ის კორესპოდენტმა.

CNN-ის ჟურნალისტთან დაკავშირებით თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმაც ისაუბრა. მისი განმარტებით, აკოსტას თეთრი სახლის მუდმივი აკრედიტაცია გაუუქმდა. მოგვიანებით მან ტვიტერზე დაწერა, რომ ჟურნალისტი ხელით შეეხო თეთრი სახლის სტაჟიორს, რომელიც ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას ცდილობდა. თუმცა საპირისპირო ჩანს შეხვედრის ამსახველ ვიდეოში. სტაჟიორმა არაერთხელ სცადა ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა.

ტელეკომპანია აკრედიტაციის გაუქმებას ჟურნალისტის მიერ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვებს უკავშირებს: “ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენი ქვეყანა უკეთესს იმსახურებს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჯიმ აკოსტას”,- აცხადებს CNN.

მომხდარს სხვა ჟურნალისტებიც გამოეხმაურნენ. “1996 წლიდან თეთრ სახლში კორესპოდენტად ვმუშაობ, ასეთი რამ აქამდე არ მინახავს. სხვა პრეზიდენტებს მწვავე კითხვების არ ეშინოდათ”, – წერს New York Times-ის ჟურნალისტი პიტერ ბეიკერი.

ფაქტს გამოეხმაურა თეთრი სახლის კორესპოდენტთა ასოციაციიაც, რომელიც პრესის წარმოამდგენლების უფლებებს იცავს. ასოციაციის მიუღებელია ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის გაუქმება.

CNN წერს, რომ რეპორტიორები, რომლებიც თეთრ სახლში რეგურალურად მუშაობენ, აქვთ მუდმივი აკრედიტაცია, რისი მეშვეობითაც შენობაში შესვლას შედარებით მარტივად ახერხებენ. ამ დრომდე უცნობია, აღუდგენს თუ არა თეთრი სახლი CNN-ის კორესპოდენტის აკრედიტაციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი