ახალი ამბები

ომბუდსმენის რეკომენდაცია ოსური ენის სწავლებისა და საგამოცდო ტესტების თარგმნის საკითხზე

16 მაისი, 2014 •
ომბუდსმენის რეკომენდაცია ოსური ენის სწავლებისა და საგამოცდო ტესტების თარგმნის საკითხზე

2012 წლიდან, სკოლების ოპტიმიზაციის პროცესის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღარ აფინანსებს ოსური ენის სწავლებას 3 სკოლაში, რომლებშიც ოსური ენის სწავლების ათეულობით წლების ტრადიცია არსებობდა. ეს სკოლები ოსებით კომპაქტურად დასახლებულ კახეთის რეგიონის სოფლებში – არეშფერანში, ფონასა და წიწკენაანთსერში მდებარეობდა. 


2013 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაფინანსება შეუწყვიტა თბილისი მე-11 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულ ოსურ საკვირაო სკოლასაც, რომელიც  2006 წლიდან სამინისტროს დაფინანსებით ფუნქციონირებდა. საკვირაო სკოლის 20 მსმენელს ოსური ენის, კულტურის, ისტორიის, ფოლკლორის, კავკასიური ცეკვებისა და სიმღერების შესწავლის შესაძლებლობა ჰქონდა. 


სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შემჭიდროებულ ვადებში უნდა შემუშავდეს ოსური ენის სტანდარტი, რათა ოსური ენა სკოლებში ისწავლებოდეს როგორც საგანი, ასევე, გაგრძელდეს მისი სწავლების დაფინანსება არაშფერანში, ფონასა და წიწკენაანთსერში. 


გარდა ამისა, სახალხო დამცველის რეკომენდაცია მოიცავს მისაღები გამოცდების ტესტების ოსურ ენაზე თარგმნის საკითხსაც. 2010-2014 წლებში აბიტურიენტებს ოსურენოვანი ტესტით გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა არ მისცემიათ. კანონში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება და ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე გამოცდის ჩაბარების ვადამ 2015-2016 სასწავლო წლისათვის გადაიწია. 


აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2014-2015 წლებში რუსეთმა 89 კვოტა გამოუყო ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებსაც საშუალება ეძლევათ უგამოცდოდ ჩააბარონ და უფასოდ ისწავლონ რუსეთის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი