ფარცხალაძე საერთოდ იყო სასამართლოში მისული?! – ნიკა მელია

ოთარ ფარცხალაძისთვის 2017 წლის მაისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ, 5 ნოემბერს წაყენებულ ბრალს ნიკა მელია სპექტაკლს უწოდებს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, ბრალის წაყენება და იმავე დღეს აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობის მიზანი მოქალაქეებისთვის თვალის ახვევის მცდელობა იყო.

“საკონსტიტუციო ორგანოს წარმომადგენელი სცემეს და წელიწადნახევარი დასჭირდათ ამ ადამიანისთვის ბრალი წაეყენებინათ. საუბრობენ უცხოელი ექსპერტები ჩამოვიყვანეთო. კითხვა ჩნდება, მაშინ ჩვენი პროკურატურა რას აკეთებს? რისთვის გვჭირდება? ძალიან ცდება ივანიშვილი, თუ ჰგონია, რომ ერთმა ადამიანმა მაინც დაიჯერა ამ სპექტაკლის. ისე ჩატარდა ამ რეზონანსულ საქმეზე სასამართლო, ვერავინ გაიგ, საერთოდ იყო სასამართლოში ფარცხალაძე მისული?” -ამბობს ნიკა მელია.

პროკურორ ემზარ გაგნიძის განცხადებით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და მის თანმხლებ პირs, მიხეილ ჩოხელს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც ცემას გულისხმობს.

პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2017 წლის 13 მაისს “ელცენტროში” მომხდარი ინციდენტის შედეგად მაშინდელმა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

როგორც ცნობილია, ინციდენტი 2017 წლის 13 მაისს, ანუ 1 წლისა და 6 თვის წინ მოხდა, თუმცა თორდია დაზარალებულად ახლა ცნეს. ფარცხალაძესაც ბრალი ახლა წარუდგინეს. ჟურნალისტების კითხვას, რატომ მოხდა ბრალის წარდგენა ახლა და არა მანამდე? პროკურორი ამბობს, რომ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე  საერთაშორისო გამომძიებლების ჯგუფი მოიწვიეს, რომელიც ცალკე გამოყოფილი გამოძიების პროცესში ასევე სწავლობს ლაშა თორდიას მიერ დასახელებულ მოტივსაც. პროკურორის თქმით, ისინი ელოდებოდნენ ექსპერტიზასაც.

გუშინ პროკურატურას არ გაუვრცელებია ინფორმაცია ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის შესახებ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გუშინ არამხოლოდ ბრალი წარუდგინეს ფარცხალაძეს, არამედ უკვე სასამართლომაც იმსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზე და მას პროკურატურის შუამდგომლობის შესაბამისად 5 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა.


ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა, 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს. თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა.

თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 22 მაისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთარ ფაცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.