ახალი ამბები

პრემიერი: 5 წელიწადში გვეყოლება საერთაშორისო განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრები

15 მაისი, 2014 • • 1033
პრემიერი: 5 წელიწადში გვეყოლება საერთაშორისო განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრები

პრემიერმა განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ თავის ინიციატივაზე ისაუბრა:

 

„რამდენიმე სიტყვით მინდა მოგახსენოთ, რატომ გადავწყვიტეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნა. რას ვისახავდით მიზნად, როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდით და რა სარგებელს მოუტანს თქვენი მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ქვეყანას. იცით, რომ საგანმანათლებლო კერები ჩვენში უძველესი დროიდან იყო. საქართველოში იდგა ისეთი დრო, როდესაც თავისი ცოდნა საზღვარგარეთ გაჰქონდა. მაგრამ ისეთი დროც ედგა, როცა ჩვენი წინაპრები უცხოეთში მიდიოდნენ სასწავლებლად, იქ იღებდნენ განათლებას და უკან დაბრუნებულები მთელ ცოდნას და გამოცდილებას სამშობლოს ახმარდნენ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დღეს ჩვენ სრულიად ახალი რეალობის, ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

 

საქართველოს სჭირდება კვალიფიციური კადრები, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ სწორედ ეს იყო მისი ინციატივის მიზანი და ამისათვის შექმნა განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც „განსხვავებული მიდგომით ახორციელებს სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსებას“.

 

 

ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი

 

„პირველ რიგში, შევარჩიეთ ის დარგები, რომელთა განვითარებაც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს ამ ეტაპზე და განვსაზღვრეთ პრიორიტეტები, რომლის დაფინანსებასაც ვაპირებთ. იცით, რომ ადრეც არსებობდა მსგავსი პროექტი, რომელიც უცხოეთში სწავლას უფინანსებდა ახალგაზრდებს. მაგრამ ეს სისტემა არ იყო გამჭვირვალე. ჩვენ შევიმუშავეთ სრულიად გამჭვირვალე და სამართლიანი შერჩევის წესი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის პრივილეგიებს. განათლების საერთაშორისო ცენტრი ორიენტირებულია სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე. ცენტრისთვის მნიშვნელოვანია ისეთი სტუდენტების დაფინანსება, რომლებსაც სახელმწიფო დახმარების გარეშე უცხოეთის ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა არ ექნებოდათ.

 

მთავარი სიახლე, რაც ჩაიდო ცენტრის კონცეფციაში, გახლავთ ის, რომ სტუდენტები დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო სამსახურში დასაქმდებიან და თავიანთ ცოდნას ჩვენს ქვეყანას მოახმარენ. გარდა ამისა, განათლების ცენტრი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტების საზღვარგარეთ გამგზავრებას, არამედ ადგილზე სხვადასხვა სასწავლო სემინარისა და კურსების მოწყობას, რომელსაც გაუძღვებიან უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალები. მოხარული ვარ, რომ ასევე მოკლე დროში იწყება ჩემი ინიციატივის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს მაღალი აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულების 6-თვიან სტაჟირებას და პრაქტიკას საჯარო უწყებებში და იქ სათანადო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შეძენას. ამ პროექტების განხორციელების შედეგად ქვეყანას ეყოლება თვისებრივად ახალი ტიპის სპეციალისტები, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას სახელმწიფოს მშენებლობას მოახმარენ“, – აღნიშნა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი