ახალი ამბები

ომბუდსმენი: საიხან მუზაევისთვის მიმოსვლის უფლების შესაძლო ხელყოფა კვლავ გამოუძიებელია

15 მაისი, 2014 • • 1306
ომბუდსმენი: საიხან მუზაევისთვის მიმოსვლის უფლების შესაძლო ხელყოფა კვლავ გამოუძიებელია

საიხან მუზაევმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სახალხო დამცველს ჯერ კიდევ 2014 წლის 20 იანავრს მიმართა. ის აცხადებდა, რომ იანვრის თვეში რამდენჯერმე სცადა საქართველოს დატოვება ინგლისში გასამგზავრებლად, თუმცა იგი საზღვარზე არ გაუშვეს. იანვრის შემდეგ 10–ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მას საზღვრის დატოვებაზე უარი უთხრეს. საიხან მუზაევი საქართველოს დატოვებას დღესაც შეეცადა, თუმცა, კვლავ უშედეგოდ.

 

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ არაერთი წერილი გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე, პროკურატურაში, მათ შორის 6 მაისს, როდესაც საიხან მუზაევს მისთვის გაურკვეველი მიზეზით გამგზავრებაზე უარი უთხრეს:

 

“2014 წლის 6 მაისს საიხან მუზაევის მიმოსვლის თავისუფლების სავარაუდო ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო დამცველის არც ერთ მიმართვაზე დღემდე პასუხი არ გაუცია.


2014 წლის 6 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორსაც, საიხან მუზაევის მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლასა თუ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რადგან მიუხედავად საიხან მუზაევის მიერ გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადებისა, დღემდე გამოძიება დაწყებული არ არის”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

გუშინ, 14 მაისს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირმა ნადირაშვილმა საიხან მუზაევი პარლამენტში მიიყვანა და უმრავლესობას საკუთარი მოქალაქის დაცვისკენ მოუწოდა. ამასთან, საიხან მუზაევს ისევ არ მისცეს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება. მუზაევის თქმით, მას შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის წინააღმდეგ ჩვენებას მიცემას აიძულებენ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთისთვის გადაცემით ემუქრებიან.

 

საიხან მუზაევი
საიხან მუზაევი

მასალების გადაბეჭდვის წესი