ახალი ამბები

ფარცხალაძის საქმეზე ლაშა თორდიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა – HRC

6 ნოემბერი, 2018 • 1463
ფარცხალაძის საქმეზე ლაშა თორდიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა – HRC

ყოფილ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან ჩხუბის საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თორდიას ინტერესების დამცველ იურისტს, ეკა ქობესაშვილს მთავარი პროკურატურიდან რამდენიმე წუთის წინ დაუკავშირდნენ და ამის შესახებ აცნობეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს, მიესალმება მთავარი პროკურატურის გააქტიურებას, ოთარ ფარცხალაძის დაკითხვას და მისთვის ბრალის წაყენებას.

“ჩვენთვის მოულოდნელია ასეთი გააქტიურდება. შეიძლება, ეს უკავშირდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლის პერიოდში ხელისუფლებამ გადაწყვიტა საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნებზე პასუხის გაცემა. გარდა ამისა, ლაშა თორდია რამდენიმე თვეა საქართველოში არ იმყოფება. ის პრაქტიკულად არის დევნილი და შესაძლოა გარე ზეწოლაც იყოს მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან”, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ამავდროულად, ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, რადგან აღნიშნული არ ითვალისწინებს სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ჩადენილ დანაშაულს. ცენტრი მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით. თუმცა ორგანიზაცია არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ დრომდე საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ ჰქონია.

5 ნოემბრის საღამოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინეს. პროკურატურა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გააკეთებს კომენტარს.

ოთარ ფარცხალაძის გვარი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორის “ომეგა ჯგუფის” მიმართ ფულის გამოძალვისა და ზეწოლის საქმესა და ლაშა თორდიას ცემის ეპიზოდში. “ნეტგაზეთმა” 2 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ფარცხალაძის გვარი “ომეგას” საქმეში გამოჩნდა, მოიკითხა, რა ეტაპზე იყო თორდიასთან ჩხუბის საქმის გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას ითვალისწინებს.

ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა, 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს. თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 22 მაისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთარ ფაცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერების არსებობის მიუხედავად, მომხდარიდან წელიწადნახევარის შემდეგაც გამოძიება დასრულებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი