ახალი ამბები

ნუ უტყაპუნებთ ბავშვებს! — ამბობს პედიატრიის ამერიკული აკადემია

6 ნოემბერი, 2018 • 1991
ნუ უტყაპუნებთ ბავშვებს! — ამბობს პედიატრიის ამერიკული აკადემია

“პედიატრიის ამერიკულმა აკადემიამ”, პედიატრთა პროფესიულმა ასოციაციამ აშშ-ში, გაამკაცრა თავისი პოზიცია დისციპლინერიბის ერთ-ერთ ფორმად ბავშვებისთვის უკანალზე წამოტყაპუნების გამოყენებასთან დაკავშირებით, — წერს CNN-ი.

ახალ სახელმძღვანელო პრინციპებში, რომელიც აკადემიის ჟურნალმა ნოემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა, გამოცემულია რეკომენდაცია, რომ ზრდასრულებმა, რომლებიც ბავშვებს უვლიან, აჯობებს, “დისციპლინირების ჯანსაღი მეთოდები გამოიყენონ” — მაგალითად, წაახალისონ ბავშვები, როდესაც ისინი შესაფერისად მოიქცევიან, დაუწესონ ლიმიტები და ა.შ.

ისინი მშობლებს ურჩევენ, ფიზიკურად ნუ დასჯიან ბავშვებს, — ნუ უტყაპუნებენ, ნუ ურტყამენ და ნუ სცემენ, ნუ დაემუქრებიან, ნუ შეურაცხყოფენ, ნუ შეარცხვენენ და ნამუსზე ნუ შეაგდებენ.

“მაგალითად, მშობლებს შეუძლიათ ისწავლონ, რომ ბავშვებს ყურადღება ესაჭიროებათ. ბავშვს რომ უთხრა, “მიყვარს, როდესაც [რაღაცას] აკეთებ”, ეს მარტივი ხერხია, სასურველ ქცევას მიაჩვიო”, — Guardian-ის ცნობით, ასე ამბობენ ასოციაციაში.

Guardian-ის ინფორმაციითვე, აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ სახელმძღვანელო პრინციპებში წერია, რომ ბავშვები, რომლებსაც მშობლები ხელით ეხებიან, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გაზრდილი რისკის წინაშე დგანან.

ახალმა დოკუმენტმა შეცვალა ის სახელმძღვანელო მითითებები, რაც აკადემიას 1998 წელს ჰქონდა მიღებული. როგორც CNN წერს, ახლანდელი დოკუმენტი უფრო ძლიერად გამოდის წამოტყაპუნების წინააღმდეგ.

“20 წელიწადში დამატებით იმდენი კვლევა ჩატარდა, რომ ჩვენ ახლა უფრო თამამად შეგვიძლია ვთქვათ, მშობლებმა არასოდეს უნდა დაარტყან ბავშვებს, არასოდეს მიაყენონ სიტყვიერი შეურაცხყოფა”,- განაცხადა აღნიშნული დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა.

დოკუმენტში ასევე აღწერილია, როგორ გამოავლინა სხვადასხვა კვლევამ კავშირები უკანალზე წამოტყაპუნებას და ბავშვებში აგრესიულ ქცევას, ასევე მოზრდილობაში დეპრესიულ სიმპტომებს შორის და ა.შ.

გარეკანის ფოტო: CNN

მასალების გადაბეჭდვის წესი