ახალი ამბები

მთავარია, ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა ქვეყანა არ დავსაჯოთ – ივანიშვილის საარჩევნო ვიდეომიმართვა

5 ნოემბერი, 2018 • 2887
მთავარია, ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა ქვეყანა არ დავსაჯოთ – ივანიშვილის საარჩევნო ვიდეომიმართვა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს, რომ მას ესმის ხალხის გულისტკივილისა და იმედგაცრუების.

“მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი, მესმის თქვენის გულისტკივილის და იმედგაცრუების. მესმის უკმაყოფილების, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა თქვენი ყოფა. მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს. უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა. ბევრი თქვენთაგანი გაბრაზებულია, რადგან დასაშვები გავხადეთ მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე”, – ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილი ვიდეომიმართვაში ასევე ამბობს, რომ მას არ სურს ისაუბროს “ცხრაწლიან რეჟიმზე”  და “ქართული ოცნების მიღწევებზე”.

“დღეს ჩვენი სამშობლო ისევ ისტორიულ გზაგასაყარზე დგას. არსებობს მცდარი გადაწყვეტილების მიღების მაღალი რისკი, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის ახალი შესაძლებლობების, განახლების საუკეთესო მომენტი. რამდენიმე თვის წინ მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება, რადგან ვხედავდი, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი კიდევ უფრო ნათლად და ღრმად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, თუმცა ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ჩვენს წინააღმდეგ არ არის პოლიტიკური პარტია. ჩვენს პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის განწყობილი მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ჩვენ ეს განსაცდელი დავუშვით”, – ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე.

ივანიშვილის თქმით, თუ “ქართულმა ოცნებამ” ხალხისთვის ვერ ივარგა, ის პირველი წავა “ოცნების” წინააღმდეგ. მან ოპონენტები დაადანაშაულა “სიცრუის კამპანიის” წარმოებაში და ასევე, ტყუილით გაჯერებული დაპირებების გაცემაში.

ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებით, საქართველოს “არასდროს ჰქონია განვითარების ასეთი სტაბილური წლები”, თუმცა მთავარ გამოწვევად სიდუხჭირე რჩება. მმართველი გუნდის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ უნდა გადაიხედოს როგორც პენსიებისა და დევნილების შემწეობების გაცემის საკითხი, ისე – საკადრო პოლიტიკა, და უფრო მეტი შანსი მიეცეთ ახალგაზრდებს.

“მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს. მთავარია ახლა, ქვეყნის ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა ხელისუფლებაზე დასჯის სურვილით, საკუთარი ქვეყანა და საკუთარი მომავალი არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც სიცოცხლე ჩავდეთ 2012-ში”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი