ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები 4 ნოემბერს შევიდა ძალაში, რომელიც ნავთობის სექტორს ეხება. BBC-ის ინფორმაციით, ეს ყველაზე მკაცრი სანქციებია, რაც კი აქამდე აშშ-ს ირანის წინააღმდეგ გამოუყენებია.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ე.წ ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მოხსნილი სანქციები ირანს ხელახლა დაუწესა. სანქციები ასევე შეეხება აშშ-ში მომუშავე იმ კომპანიებსაც, რომლებიც ირანთან ვაჭრობას გადაწყვეტენ. BBC წერს, რომ სანქციები გავლენას მოახდენს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე, უმთავრესად კი, ნავთობის ექსპორტსა და საბანკო სფეროზე.
სანამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ტურნეს დაიწყებს, ირანის სანქციების შესახებ საუბრობს. “ეს არის ყველაზე ძლიერი სანქციები, რაც კი ოდესმე ირანის წინააღმდეგ დაწესებულა.. ვნახავთ, რა მოხდება ირანში”, – ამბობს ტრამპი.
სანქციების ამოქმედების წინა დღეს ათასობით ირანელმა საპროტესტო აქცია აშშ-ის ყოფილ საელჩოსთან გამართა. ისინი სკანდირებდნენ “სიკვდილი ამერიკას”. ამის პარალელურად, პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ სანქციების მიუხედავად, ქვეყანა ნავთობს მაინც გაყიდის.
ირანის სანქციებს წინ უძღოდა ბირთვული შეთანხმება. ერთი მხრივ, ირანს, მეორე მხრივ კი, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, რუსეთსა და გერმანიას შორის შეთანხმება 2015 წლის 14 ივლისს გაფორმდა. ისტორიული შეთანხმება ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანაცვლოდ კი მასზე დაწესებული მთელი რიგი ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა.
დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას დროს გაფორმებულ შეთანხმებას ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ აკრიტიკებდა და გამარჯვების შემთხვევაში მისი გაუქმების პირობას დებდა. აშშ-ის პრეზიდენტი მას ცალმხრივსა და დამღუპველს უწოდებდა და ამბობდა, რომ არ დაუშვებდა, აშშ “ბირთვული შანტაჟის მძევალი” გამხდარიყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მაისში, აშშ-მა შეთანხმება ოფიციალურად დატოვა.
დაწესებულ სანქციებს ვაშინგტონში ირანის ქმედებებითვის ხელშეშლით ხსნიან. ქვეყანაში აცხადებენ, რომ სურთ თეირანის “ცუდი საქციელი” შეაჩერონ, რაც კიბერთავდასხმებში, ბალისტიკური რაკეტების გამოცადასა და ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში გამოიხატება.
BBC-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, თუმცა სანქციების ბოლო რაუნდი ყველაზე მკაცრია. სანქციები დაუწესდათ ბანკებს, ნავთობის ექსპორტიორებს, გემებსა და ცალკეულ ბიზნესმენებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს თქმით, სანქციების გამო 100-ზე მეტი დიდი ინტერნაციონალური კომპანია ირანს დატოვებს. ამასთან, პომპეო ირწმუნება, რომ ირანული ნავთობის ექსპორტი დღეში მილიონ ბარელამდე დაეცემა. შედეგად, ქვეყანას დაფინანსების მთავარი წყარო შეუმცირდება.
პომპეოს თქმით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნა მზად არის ირანული ნავთობის იმპორტი დროებით გააგრძელოს. ამ ქვეყნებს გარკვეული პერიოდი მიეცემათ ირანიდან ნავთობის იმპორტის შესამცირებლად. Bloomberg-ის ინფორმაციით, იაპონია, ინდოეთი და სამხრეთ კორეა ასეთ ქვეყნებს შორის მოიაზრებიან.
რაც შეეხება ჩინეთს, რომელიც გამოცემის ცნობით, ირანული ნედლი ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველია, ამ საკითხთან დაკავშირებით მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. BBC წერს, რომ საბოლოოდ აშშ-ს სურს, ირანმა ნავთობით ვაჭრობა საერთოდ ვეღარ შეძლოს.
ევროკავშირის ქვეყნები ირანისთვის სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგებიან. დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის განცხადებით, ირანთან დაკავშირებითკანონიერ ნაბიჯებს გადადგამს ევროპული ქვეყნების ბიზნესების დასაცავად. ამის მიუხედავად, ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სანქციების გავლენა ირანზე მაინც არ შემცირდება.