ახალი ამბები

NGO-ები აკრიტიკებენ კობახიძის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვაზე

4 ნოემბერი, 2018 •
NGO-ები აკრიტიკებენ კობახიძის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვაზე

7 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც  საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება ნარკოტიკული პოლიტიკის სფეროსთან მიმართებით ჩარჩოში უნდა მოექცეს.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, ირაკლი კობახიძის განცხადება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეწინააღმდეგება, ვინაიდან აღნიშნული ორგანო საკონსტიტუციო კონტროლის გარანტია. NGO-ების შეფასებით, დაანონსებული შეზღუდვა ადამიანის ძირითად უფლებებსაც ეწინააღმდეგება.

“ხაზგასასმელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების მხრიდან არათანაზომიერი ჩარევისაგან. საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს მნიშვნელოვან დაცვის ბერკეტს ნარკოპოლიტიკის საკითხში.

იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ გაურთულებს საკუთარი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას, იგი დაარღვევს არა მხოლოდ ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, არამედ ადამიანის ძირითად უფლებას, საკუთარი უფლებები და თავისუფლებები დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით”, – აღნიშნავენ არასამთავრობოები.

ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარეს სეკულარიზმის პრინციპსა და კონსტიტუციის იმ ნაწილსაც ახსენებენ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩაერიონ. NGO-ების განცხადებით, ამ ფონზე, მიუღებელია, როცა კობახიძე საკანონმდებლო ცვლილებებს საპატრიარქოსთან ერთად განიხილავს:

“სეკულარიზმის პრინციპისა და საჯარო ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თანამდებობის პირები უნდა მოქმედებდნენ კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების უზენაესობისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების პატივისცემის პრინციპების შესაბამისად.

ამდენად, მიუღებელია, როდესაც პარლამენტის თავჯდომარე საპატრიარქოსთან შეხვედრისას განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების საკითხს და მათთან შეთანხმებით აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებები ჩარჩოებში უნდა მოექცეს”.

არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ, დაიცვას კონსტიტუციის მოთხოვნები და საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალოს.

განცხადებას ხელს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. ესენია:  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR).

კობახიძის თქმით, “ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი