ნეტგაზეთი | ლივერპულში ულტრამემარჯვენეებს მარშის მოწყობის საშუალება არ მისცეს ლივერპულში ულტრამემარჯვენეებს მარშის მოწყობის საშუალება არ მისცეს – Netgazeti
RU | GE  
ანტიფაშისტური მარში ლივერპულში. ფოტო: Liverpool Echo

ლივერპულში ულტრამემარჯვენეებს მარშის მოწყობის საშუალება არ მისცეს

გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ლივერპულში ულტრამემარჯვენე ჯგუფის მიერ დაგეგმილი მარში ჩაიშალა. “გარდიანის” ცნობით,  2 ნოემბერს ორგანიზატორებმა აქციის ჩატარება კონტრაქციის მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო ვერ მოახერხეს.

ულტრამემარჯვენე ჯგუფ “ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის პატრიოტების” გეგმის წინააღმდეგ, რომელიც ლივერპულში მსვლელობის მოწყობას გულისხმობდა, ქალაქის ქუჩებში ასობით ანტიფაშისტი აქტივისტი გამოვიდა. მათ ხელში სხვადასხვა შინაარსის პლაკატები ეჭირათ, მათ შორის: “არა რასიზმს”, “არა ნაცისტებს”, “ლტოლვილებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” და ა.შ.

“გარდიანის” ცნობით, ულტრამემარჯვენეთა აქციაზე სულ რამდენიმე ადამიანი მივიდა, რომლებიც იქვე მდებარე მეტროსადგურთან, პოლიციის კორდონს მიღმა აღმოჩნდნენ და საბოლოოდ, დაიშალნენ.

ფაშიზმის მოწინააღმდეგე აქტივისტთა ჯგუფებს ლივერპულის მერი, ჯო ანდერსონიც შეუერთდა, რომელმაც ტვიტერზე დაწერა:

“მშვიდობიანი ხალხის ძალამ ფაშისტები ჩვენი ქუჩებიდან გააძევა. ვაჩვენოთ ამ ხალხს, რომ ისინი ჩვენს ქალაქში მისასალმებელნი არ არიან”.

მოგვიანებით, ლივერპულის მერმა ადგილობრივი მედიასაშუალების ჟურნალისტს უთხრა:

“ზოგიერთი ადამიანი ტვიტერზე მწერს: “და რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას?” – კარგი, [თუმცა] აღნიშნულს თან ახლავს პასუხისმგებლობაც, არ გაავრცელო სიძულვილი”.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მიმდინარე მოვლენების დროს 1 ადამიანი დააპატიმრეს, 1 კი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს. ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რომელ ჯგუფს უჭერდნენ მხარს ისინი.

*სტატიის გარეკანზე გამოყენებულია Liverpool Echo-ს ფოტო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან