ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე თავისი “რესპუბლიკელი” ქმრის მიერ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის მხარდაჭერას გმობს და ამბობს, რომ დღეიდან მისი “მოწინააღმდეგეა”.
დუმბაძემ შესაბამისი ფეისბუქ პოსტი დღეს, 2 ნოემბერს გამოაქვეყნა. მანამდე მისმა ქმარმა, “რესპუბლიკური პარტიის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვლადიმერ ვადაჭკორიამ, გაიზიარა პარტიის პოზიცია გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
“მინდა გამოვეხმაურო ჩემი მეუღლის, ვლადიმერ ვადაჭკორიას მიერ გაკეთებულ განცხადებას. მე მკვეთრად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და პოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით.
…ჩემი სათქმელი მკაფიო და შეუცვლელია, დავიღალე იმით, რომ ყოველთვის ჩემი მეუღლისა და ჩემს პოზიციას ერთმანეთში აიგივებენ. წლებია მე ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი და ნებისმიერ წინააღმდეგობას ვუმკლავდები მის დასაცავად. მე არ ვგავარ ადამიანებს, რომლებიც დროს უწყობენ ფეხს და იცვლიან პოზიციებს”, – აღნიშნავს მერიის სოციალური სამსახურის უფროსი.
დუმბაძის თქმით, აღნიშნულ ფაქტამდე ქმრის პოზიციასთან დაკავშირებით ფეისბუქზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც “ბუნდოვანი შინაარსი” ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ განემარტა საკუთარი მოსაზრება. მისი განცხადებით, გმობს ვადაჭკორიას პოზიციას და საზოგადოებას სთხოვს, ამ კუთხით ქმართან ერთად აღარ მოიაზრონ.
“…წერტილს ვუსვამ ვლადიმერ ვადაჭკორიას, როგორც სუბიექტის, და ჩემს ერთად მოაზრებაში,რადგან ჩვენ რადიკალური პოზიციები გვაქვს. მე ვგმობ მის განცხადებას და მეტიც, დღეიდან ჩემი მოწინააღმდეგეა. თუმცა მინდა ყველამ გაიგოს, რომ ეს პირად ცხოვრებასთან არ არის დაკავშირებული და სკანდალური განცხადებებისგანაც თავი შეიკავოთ”, – წერს დუმბაძე “ფეისბუქზე”.
მოგვიანებით ცოლის განცხადებას “რესპუბლიკური პარტიის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გამოეხმაურა და “გურია ნიუსს” უთხრა, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპია, ყველა ადამიანს საკუთარი ხედვა და აზრის თავისუფლება ჰქონდეს.