ახალი ამბები

გვარამია: ნინო შუბლაძის წასვლა არც მიქიაშვილს და არც მოსმენების თემას არ უკავშირდება

13 მაისი, 2014 • • 1638
გვარამია: ნინო შუბლაძის წასვლა არც მიქიაშვილს და არც მოსმენების თემას არ უკავშირდება

“ნინო შუბლაძესთან საუბარი, რა თქმა უნდა, მქონდა. გუშინ ჩვენ თათბირიც ჩავატარეთ. კი, ბუნებრივია თქვენი კითხვა, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, მაგრამ, სამწუხაროდ, ინტერესი უნდა გაგიწბილოთ და გითხრათ, რომ ნინო შუბლაძის წასვლა ამ ყველაფერს არ უკავშირდება. მე და ნინო დაახლოებით ერთი წლის წინ შევთანხმდით, რომ ის მიდიოდა [მიმდინარე წლის] აგვისტოში, ვინაიდან მას პირადი, ოჯახური მოტივაცია ჰქონდა. შესაბამისად, არ გამკვირვებია, როცა ეს მითხრა. ჩემი მოტივაცია მასთან საუბარში სწორედ ის იყო, როდესაც მის გადარწმუნებას ვცდილობდი, რომ ახლა მისი წასვლით გაჩნდებოდა გარკვეული კითხვები, თუმცა მისმა მოტივაციამ გადასძალა. როგორც უკვე გითხარით, გუშინ გვქონდა თათბირი, გავიარეთ ეს საკითხი და ნინოს თხოვნა დაკმაყოფილდა. მე ნინოს გადარწმუნებას ვცდილობდი, ის იყო ჩემი მარჯვენა ხელი, ძალიან წარმატებული მენეჯერი და ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ამიტომ ვადასტურებ, რომ მის გარეშე ძალიან გამიჭირდება და საერთოდ მედიის მიღმა მე მას ვერ ვხედავ. მაგრამ როცა ადამიანი აიხირებს, რომ პაუზა უნდა აიღოს, მას ეს შესაძლებლობა უნდა მისცე, იმიტომ, რომ მე თვითონაც მაქვს ეს გზა გავლილი, მე პოლიტიკიდან თავის დროზე სწორედ ასე წამოვედი. როდესაც თვითონ მაქვს ასეთი გზა გავლილი, ამაში სხვას ხელს ვერ შევუშლი”, – აცხადებს გვარამია.

 

გვარამია
გვარამია

 

მიუხედავად ზემოთქმულისა, გვარამია მაინც ფიქრობს, რომ შუბლაძის წასვლა ტელეკომპანიიდან სწორედ იმ სკანდალმა დააჩქარა, რომლის მიხედვითაც მის კაბინეტს ფარულად უთვალთვალებდნენ. ამ საქმეზე პროკურატურა გამოძიებასაც აწარმოებს.

 

“რაც შეეხება იმ ვიდეოკადრებს, მე ვფიქრობ, რომ ამან მასზე გარკვეული როლი ითამაშა, შექმნა ისეთი სტრესული სიტუაცია, რომელმაც თანამდებობიდან მისი წასვლა სამი თვით ადრე დააჩქარა”.

 

ამ ფაქტის შემდეგ რუსთავი 2–ის სახელი ფარული მოსმენების საკითხზე კიდევ ერთ სკანდალს დაუკავშირდა. ეკა კვესიტაძის გადაცემამ, “განსხვავებული აქცენტები” გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომლებშიც პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ფიგურირებენ. თუმცა, გვარამიას მტკიცებით, შუბლაძის გადაწყვეტილებას ამ გადაცემასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

 

რაც შეეხება ნათია მიქიაშვილის თემას, ამ უკანსკნელმა ფეისბუკზე დაწერა, რომ მისი საავტორო გადაცემა “ანატომია’ შესაძლა რუსთავი 2–ის ეთერით გავიდეს. გვარამიას თქმით, შუბლაძის ტელეკომპანიიდან წასვლას არც ამ საკითხთან აქვს შეხება:

 

“ნათია მიქიაშვილს რაც შეეხება, ჩვენგან ამასთან დაკავშირებით გარკვეული ინტერესი გამოთქმული არის, თუმცა საუბარი არ არის იმაზე, რომ ნათია მიქიაშვილი რუსთავი 2–ის სახე გახდება. ამაზე ლაპარაკი არ არის. არსებობს სტუდია, რომელიც გარკვეულ პროდუქციას ამზადებს. შესაბამისად, ეს ინტერესი ფიგურირებს, თუმცა ის, რომ ნათია მიქიაშვილი აქ სამუშაოდ მოდის… რუსთავი 2–ის ჟურნალისტობაზე ლაპარაკი არ ყოფილა. დეტალური გადაწყვეტილებაც მიღებული არ არის ჯერ”, – ამბობს გვარამია და დასძენს, რომ ის ვერ შეაფასებს მიქიაშვილის პროფესიულ ბექგრაუნდს, რომელიც ტელეკომპანია “იმედსა” და “მაესტროში” ამ უკანასკნელი მუშაობას უკავშირდება.

 

ნინო შუბლაძე რუსთავი 2–ში გენერალური დირექტორის პირველი მოადგილისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობებს იკავებდა. გვარამიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ახლა მისი კომპეტენციები ორად გაიყო, დირექტორის პირველ მოადგილედ ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი დაინიშნა, ხოლო საინფორმაციო სამსახურის უფროსად – გიორგი ლაფერაშვილი.

 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი 12 მაისს აცხადებს, რომ “მედიასივრცის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ნინო შუბლაძე, რომელიც იმავდროულად გადაცემა“პოზიციის” წამყვანიც იყო,  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მის გადაწყვეტილებას, “დროებით” შეაჩეროს საქმიანობა მედიასივრცეში, პოლიტიკური სარჩული არ აქვს. 

 

“ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი”, – აცხადებს შუბლაძე. 

 

ნინო შუბლაძე რუსთავი 2-ში 2003 წლიდან მუშაობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი