“სამხედროები იყვნენ, ფორმა ეცვათ. სამნი ვიყავით, ორს დავუძახე, გავიქცეთ-მეთქი, ყველა გადავხტით ტყეში, ჩავიმალეთ და ჩავწექით, გადმოვიდნენ ისინი, რუსულად გვაგინებდნენ, ქართულადაც გვიძახოდნენ, გიპოვეთ, სად ხართ. შეშინებულები არ ვიღებდით ხმას,”- ამბობს ერთ-ერთი გათავისუფლებული რუსთავი-2-თან საუბარში.
დღეს, 12 მაისს საჩხერის რაიონში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კიდევ 7 მოქალაქე დააკავეს.
“მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მალე და უვნებლად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებზეც პასუხისმგებლები, პირველ რიგში, ჩვენ ვართ, სამინისტრო,”- განაცხადა დღეს შს მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, ხვალ, 13 მაისს ჟენევის ფორმატში მონაწილე ქვეყნების თანათავმჯდომარეები ამ საკითხზეც იმსჯელებენ.
“მოვითხოვთ მათგანაც საკმაოდ მკვეთრ რეაგირებას,”- განაცხადა ციხელაშვილმა.
აღნიშნულ დაკავებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც (EUMM), რომელმაც მხარეებს ურთიერთგაგებისკენ მოუწოდა.
განცხადებაში წერია, რომ სასაზღვრო სოფლებთან მცხოვრებლებისთვის ჯონჯოლის კრეფა ხშირად შემოსავლის მთავარი წყაროა და შესაბამისად, ის ყველა მხარეს მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა აღმოჩნდნენ.
EUMM-ის ინფორმაციით, 2 მაისის შემდეგ ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ 5 დაკავების სერია აღრიცხა. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მონაცემებით, სულ 26 ადგილობრივი მოსახლე დააკავეს, მათგან 18 კვლავ პატიმრობაში რჩება.






