ბოდიშს ვინც მოიხდის, უნდა აპატიო — ბერძენიშვილი სააკაშვილზე

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ მიიღო მიხეილ სააკაშვილის ბოდიში მის მიმართ გამოთქმული შეფასებების გამო და რესპუბლიკური პარტიაც მხარს უჭერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს.

“ჩვენ მოვედით, რომ გამოვუხატოთ მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში. რესპუბლიკური პარტიას მას მხარს უჭერს”, — განაცხადა ბერძენიშვილმა 2 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.


“რესპუბლიკელების” მიერ ვაშაძისადმი მხარდაჭერის გამოცხადებას წინ უძღოდა სააკაშვილის მიერ ბერძენიშვილისთვის ბოდიშის მოხდა წარსულში მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო. ბერძენიშვილმა ასე აღწერა მობოდიშების ეპიზოდი:

“ვზივარ ჩემთვის ფრანკფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან “შნურით” მიბმული”.

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს ლევან ბერძენიშვილი ერთ-ერთი იყო, ვისაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებდნენ ბრალს. ბერძენიშვილმა 2 ნოემბერს ჟურნალისტებს უთხრა:

“მე შემიძლია გითხრათ,  რომ თავის დროზე გამოქვეყნდა ჩემი საუბარი რუსეთის საელჩოსთან, რომელიც არანაირად ფარული არ იყო, იყო ღია საუბარი გამოვდივართ თუ არა დსთ-დან… დიახ, მე ბრალი დამდეს, ამიტომ მივმართე ბატონ გრიგოლს თავის დროზე ფეისბუქით. მადლობელი ვარ, რომ მან მიაქცია ყურადღება, გავერკვიეთ ამ საკითხში, რაც დამთავრდა იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ არ მიაჩნია თავისი ის საქციელი სწორად”.

“საერთოდ, ბოდიშს ვინც მოიხდის, უნდა აპატიო. მე ვფიქრობ, არ არის იოლი საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილია თუ ახლანდელი, სპეციალურად მიხვიდე კაცთან და მოუბოდიშო. არ არის იოლი. მე ვთვლი, რომ სერიოზული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან”, ამბობს ბერძენიშვილი.


მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ბოდიში მოუხადა, ბერძენიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მისთვის “აბსოლუტურად წარმოუდგენელი” იყო, კვლავ მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებდეს იმ სფეროებს, სადაც გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, თანამშრომლობას სთავაზობდა.

“მე გამიხარდებოდა, რომ განათლების საკითხებში გია ვაშაძემ [გრიგოლ ვაშაძე] ლევან ბერძენიშვილს სთხოვოს მრჩევლობა და ამ მიმართულების წაყვანა”, — დაწერა 11 ოქტომბერს სააკაშვილმა ბოდიშის მოხდის შემდეგ.

2 ნოემბერს ჟურნალისტების კითხვაზე, ნიშნავს თუ არა, რომ “რესპუბლიკელების” მხრიდან ვაშაძის მხარდაჭერა დიდ პოლიტიკურ გარდატეხას, ბერძენიშვილმა უპასუხა:

“ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში. სხვა საკითხებზე, გაერთიანებულ ოპოზიციასთან კავშირზე ჩვენ არ გვქონია საუბარი”.


ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ გამოიხატება მათი მხარდაჭერა, მან უპასუხა:

“სადაც გვაქვს საშუალებები, ჩვენს ორგანიზაციებში, იქ ორგანიზაციულად დავუჭერთ მხარს, სადაც არა, ინტელექტუალურად. როგორც შევძლებთ, ისე დავუჭერთ მხარს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com