ახალი ამბები

შს მინისტრმა ჟურნალისტები დააჯილდოვა

12 მაისი, 2014 • • 1246
შს მინისტრმა ჟურნალისტები დააჯილდოვა

შსს-მ გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინა: საუკეთესო ტელესიუჟეტი; ტელეგადაცემა; რადიოსიუჟეტი; რადიოგადაცემა; სტატიის ავტორი. საუკეთესო სტატიის ავტორად „გურიანიუსის“ ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე დასახელდა, რომელმაც კონკურსისთვის ნამუშევარი „არა ბიო-ლოგიური სიკვდილი გამოწერით“ წარმოადგინა. საუკეთესო რადიოსიუჟეტის ავტორი რადიო „პალიტრის“ ჟურნალისტი ლელა ბაღდავაძე გახდა. საუკეთესო ტელეგადაცემისთვის, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკების თემაზე მომზადდა, პრიზი ტელეკომპანია „იმედის“ „დღის შოუს“ წამყვანებს, ნანიკო ხაზარაძეს და სოფო ნარჩემაშვილს გადაეცა. საუკეთესო ტელესიუჟეტის ავტორად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი დასახელდა.

სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცათ ივანე ჯავახიშვილოის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს მომზადებული სარეკლამო რგოლისთვის.

კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები, შსს-ს ცნობით, შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის წევრები არიან მწერალი რატი ამაღლობელი, ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსი საუკეთესო ნამუშევარზე – „არა ბიონარკოტიკს“ 31 მარტს გამოაცხადა. კამპანიის მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. 


ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტები დააჯილდოვა; ფოტო: შსს
ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტები დააჯილდოვა; ფოტო: შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი